ბასილაშვილმა ტრავალია დაატრიალა

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშია

მელბურნის კორტებზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს, კრისტოფერ ეუბანსკთან მოსაგებად თუ 4 სეტის თამაში დასჭირდა, მეორე წრეში სტეფანო ტრავალიასთან მან ქართველი გულშემატკივარი ცოტათი ანერვიულა და მეტოქე 5 პარტიაში დაამარცხა.

 

ქართველი ჩოგბურთელი, იტალიელთან სეტებში სულაც 1:2 ჩამორჩა, თუმცა შემდეგ ძალები მოიკრიბა და საბოლოოდ ბასილაშვილმა ტრავალიას 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 აჯობა. აქამდე, ბასილაშვილი და ტრავალია ერთმანეთს არ შეხვედროდნენ და შესაბამისად ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებური დაწინაურდა.

 

მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ჩოგბურთელებმა კორტზე თითქმის 3 საათი გაატარეს რა დროშიც ბასილაშვილმა 9 ეისი მოაწოდა და 7 ბრეიქი შეასრულა.

 

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალშია, სადაც მისი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.