ერთსულოვან საქართველოს გაუმარჯოს!

 

 

 

 

 

 

 

ახლა, როცა ამ სტიქონს ვწერ, წარმოდგენა არ მაქვს  რას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება. რას ურჩევენ ვირუსოლოგები ჯანდაცვის სამინისტროს. დართავენ ქართველი გულშემატკივრის ნაწილს ნებას წავიდეს სტადიონზე და სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვით, პირბადით და უსაფრთხოების სხვა მექანიზმების მორჩილებით მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თუ კვლავ ცივ და კატეგორიულ არას მოგვახლიან.

რასაკვირველია, ასე მოხდება თუ ისე, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი: არ მესმის, რით არის უფრო უსაფრთხო მეტროში, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსიში ჭყლეტა, სტადიონზე, სუფთა ჰაერზე, ოთხსკამგამოტოვებით ჯდომასა და სამშობლოს სახელის სკანდირებასთაან შედარებით. თუ მოუცლელობის გამო არ იციან, შემიძლია ავუხსნა, რომ ლაპარაკია არა რომელიმე კლუბზე, არამედ მთელი საქართველოს ეროვნულ გუნდზე, რომელსაც ეძლევა ისტორიული შანსი მოხვდეს დიდ საერთაშორისო ფორუმზე, ევროპის ჩემპიონატზე.

 

 

არჩევნებისშემდგომ ბობოქარ დღეებში ყველანი ვხედავთ, თუ როგორ იკრიბება ხალხი თავისი პოლიტიკური პოზიციის დასაცავად, როგორ ჯგუფდება მჭიდროდ, მომიტევეთ და დავა-კამათის ოხშივარში ხშირად ცხვირს ცხვირზე ადებს ერთმანეთს და კოვიდის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები არც ახსოვს.

ჩვენ კი, ფეხბურთის მოყვარულები, სრულიად საპირისპიროს გთავაზობთ. ჩვენ გთხოვთ, ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოწესრიგებულად, ორგანიზებულად გავუშვათ სტადიონზე, რათა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მხარში ამოუდგეს გუნდს, რომელზეც თანაბრად შესტკივა გული ყველა პარტიის მუშაკსა და მხარდამჭერს.

თუკი საქართველოს ნაკრები დაამარცხებს ჩრდილო მაკედონიის გუნდს, გარწმუნებთ, ეს ჩვენი დაღლილი ერი სამარადჟამოდ თუ არა, ამ რთულ პერიოდში, დროებით მაინც შეიკვრება ერთ მუშტად. ამოიფრქვევა დადებითი მუხტი, რომელიც ერთმანეთის ზიზღით დაჩიავებულებს ძალიან გვჭირდება.

დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ძალა აქვს ფეხბურთში მიღწეული წარმატებით გამოწვეულ ემოციას, მაგრამ ბლოგი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების საწყობად რომ არ მექცეს, მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ. აღარ გავიხსენებ 13 მაისს, მითუფრო, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშს 13 მაისისას ნამდვილად არ შევადარებ. მათ შორის ცა და დედამიწაა, ოღონდ… არც 12 ნოემბრის თამაშს დავაკნინებ და ვიტყვი, რომ ის უმნიშვნელოვანესია. ეს არის მატჩი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიგოთ და კარგი იქნება სახელმწიფო მოხელეები, მედიკოსები, სხვადასხვა ჯგუფის პოლიტიკოსები და მომიტინგეები ჩვენს ფეხბურთელებს ხელს თუ შეუწყობენ. ყოველ შემთხვევაში არ შეუშლიან მაინც.

ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენთვის ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, თუმცა არც გადაულახავი ბარიერია და სწორედ ამიტომ გვჭირდება ქომაგობა, ერთსულოვნება, საქართველოს მხარში დგომა. ერთად! ერთი საღამოთი მაინც.

 

 

ნუთუ ასე ძნელია, 12 ნოემბრის შუადღიდან შუაღამემდე ერთნაირად და ძალიან გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა?

მათთვის ვისაც ეს ყველაფერი კარგად მაინც ვერ წარმოუდგენია ასე ვცდიდი ახსნას: ცალკე აღებული ფეხბურთი, რასაკვირველია თამაშია და მეტი არაფერი, მაგრამ კონტექსტიდან მოწყვეტილი ჰიმნიც უბრალოდ მელოდიაა, დროშა კი ნაჭერი. ოღონდ ეგაა, ამ მუსიკისა და ნაჭრისთვის ხალხს სიცოცხლე გაუწირავს.

ჰოდა, გთხოვთ მერწმუნოთ, ეს თამაში თუ მოვიგეთ, შეიძლება საქართველო სხვანაირი ქვეყანა გახდეს. გაუთავებელი წუწუნი, რომ არაფრად ვვარგივართ, წელში გამართვით შეიცვალოს და მგონი ეს სწორედ ისაა, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა.

ერთსულოვან საქართველოს გაუმარჯოს!