შენგელიას ახალი როლი

საბერძნეთში ცსკა-მ დააგდო პანათინაიკოსი. 89:83. ატონალური კალათბურთით. ბევრი გაქცევით და რამდენიმე უყურადღებო ეპიზოდით, ჩავარდნით. ცსკა იყო დამაჯერებელი და მომენტებში, ზედმეტად მშვიდი.

თორნიკე შენგელია - 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი. ჩვენმა ბიჭმა ერთხელ დაკარგა ბურთი და მატჩი 4 ფოლით დაასრულა. პლიუს, თოკოზე სამჯერ დაჯარიმდნენ.

ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული. და, თოკოს სტატუსის (სუპერვარსკვლავი) გათვალისწინებით, ალბათ, ყველა კომპონენტში სულ მცირე, ორმაგად მეტს ველოდებით.

და, შენგელია გუნდს ამ სტატისტკიითაც ძალიან ბევრს აძლევდა.

თოკოზე თითქმის ყოველთვის ორმაგი მეურვეობა, ორმაგი დაცვა ადიოდა. და, შენგელიაზე მეორე დამცველის გადასვლის დროს, თავისუფალი სივრცე რჩებოდა დარიუნ ჰილიარდს (6/4 სამიანი). ან - რომელიმე სხვა დაბალს. არა - მაიკ ჯეიმსს (10, 5 პასი), რომელიც ამჯერადაც სათადარიგოებში იჯდა. და, ამერიკელი უილ კლაიბერნთან (15, 7 მოხსნა) ერთად ჩაერთო ჩეხვაში.

 

*****

 

შენგელია ცსკა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა. დააკვირდით, რამდენად უმტკივნეულოდ ადის თოკო დაბლებზე და გაცვლების შედეგად - პრინციპში, ნებისმიერზე. შენგელია ფიზიკური უნივერსალიზმით გკლავს დაცვაში. ხანდახან, თოკო ზედმეტად მონდომებულია, მაგრამ ამის კომპენსირებას კლასით და გამოცდილებით აკეთებს.

თოკომ ისწავლა ტკივილის ატანა. ალბათ, მანამდეც კარგად იცოდა, მაგრამ თორნიკე არ აპელირებს მსაჯებთან, ელოდება თავისუფალ თანაგუნდელს და ცდილობს, რომ იდეალური პასი გააკეთოს. ცსკა-ში ყველა მშვენივრად იხსნება და გუნდმა კარგად უნდა გამოიყენოს თოკოს და ნიკოლა მილუტინოვის პლიუსები.

შენგელიას გუნდს ორ დღეში კიდევ ერთი პრინციპული გარჩევა აქვს. ვითიბი ლიგაზე. ხიმკისთან. და, თოკომ იქ უნდა წამოიღოს.

ევროლიგაზე თითქმის ყველას აკლია სტაბილურობა და რთულია ამ სტაბილურობის მოპოვება, როდესაც სტაბილურად გაკლია ლიდერები, სათადარიგოები.

თოკო აუცილებლად მეტს ჩააგდებს, მეტს მოხსნის და მეტს გასცემს (ამ არეაში შენგელია ევროლიგის საუკეთესო მაღალია).

მანამდე, მიიღეთ სიამოვნება, ამ, ახალი თოკოთი, რომელიც გახდა უძლიერესი დამცველი და საუკეთესო თანაგუნდელი.