ლუკა და ღმერთი გაერთობიან

დალასი იანის ანტეტოკუმპოზე დაიძრა. ჯერ არაოფიციალურად, მაგრამ მარკ კიუბანი უკან არ დაიხევს. დალასის მფლობელი იდეალური წყვილის შექმნას აწვება.

ლუკა დონჩიჩი და იანისი. ევროილუზიონისტი და ახალგაზრდა ღმერთი მკვლელის პოტენციალით.

ეს ტანდემი მოკლავს ლიგას. ეს ტანდემი მოკლავს დანარჩენ 29 გუნდს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იდგება ლებრონ ჯეიმსის გვერდით. ლუკა და იანისი მაგარი უსამართლო თემაა.

თუ იანისი მზად არის ლიდერობის გაზიარებისთვის, ის დალასს უარს არ ეტყვის. თუ იანისი მზად არის, რომ იყოს უფრო ენტონი დევისი, ვიდრე - ლებრონ ჯეიმსი, ბერძენი გადავა დალასში. და, იანისმა უმნიშვნელოდ უნდა დაიკლოს შემოსავალი.

თუ ის მზად არის დიდებისთვის და ბევრი ფინალის მოსაგებად. მზად არის? ეს ჯერ იანისმაც არ იცის. უბრალოდ, მისი პოტენციალი არარეალურია. და, აზრზე ხართ, როგორ გაერთობიან ლუკა და აინისი ერთად?

და, ეს არ არის კიუბანის ერთადერთი მიზანი.

 

*****

 

მარკი შეყვარებულია ლუკაზე, მაგრამ მარკი არ არის კმაყოფილი კრისტაფს პორჟინგისის პროფესიონალიზმით. ლატვიელი არღვევს რეჟიმს, ლატვიელი არ არის კარგი თანაგუნდელი და ლატვიელი ზედმეტად უფრთხილდება საკუთარ თავს.

დალასს მოსწონს იუტას ცენტრი რუდი გობერი.

თუ გამოვა, დალასი პორჟინგისს და მომდევნო რამდენიმე დრაფტ-არჩევანს შესთავაზებს. და, ამ შემთხვევაში დალასი დაემშვიდობება პორჟინგისს.

ალბათ, ლუკას, იანისის და რუდის ტრიოს გარკვეული დრო დასჭირდება. რომ შეთამაშდეს, რომ უკეთ გაიცნოს ერთმანეთი, რომ დაამუღამონ ერთმანეთით კაიფი. რომ უბრალოდ, მაგრად გაერთონ. ლუკას ეს შეუძლია. და, დონჩიჩმა უნდა აიყოლიოს სხვებიც.

გობერის, დონჩიჩის და იანისის დაკონტრაქტება დიდი კუშია. ლუკას გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი აქვს და 2023 წლამდე ის საშუალოდ, 11 მილიონზე ზის. მიზერი ლუკასთვის.

გობერი შემდეგი სეზონის შემდეგ შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდება. ბოლო საკონტრაქტო სეზონში ფრანგი 25 მილიონზე ზის და, დიდი ალბათობით, 28-31 მილიონის ამბავში მოითხოვს. და, მიიღებს. დალასში თუ არა, სხვაგან აუცილებლად მიიღებს.

ანტეტოკუმპო აქ ჯეკპოტია. ბერძენი მაქსიმუმზე მიდის და ალბათ, 44-47 მილიონად დაიკერება.

დალასში ოცნების გუნდს აკეთებენ.

გაასწორებს. მაგრად გაასწორებს.