ლუკა ლოჩოშვილი: პასუხს ყველას მოედანზე გავცემ

წელს ზაფხულში თბილისის დინამოს აღზრდილი ლუკა ლოჩოშვილი მშობლიური გუნდიდან ავსტრიულ ვოლფსბერგერში გადავიდა. ვოლფსბერგერი ლუკასთვის მესამე უცხოური გუნდია ჟილინას და კიევის დინამოს შემდეგ, ფაქტია ჩვენებური ყველაზე კარგად სწორედ ამჟამინდელ კლუბს შეეწყო. ლუკამ ავსტრიაში გადაბარგებიდან პირველივე მატჩში წითელი ბარათი მიიღო, თუმცა წარუმატებელ დებიუტს მისთვის ხელი დიდად არ შეუშლია და 22 წლის მცველი მშვენიერ სეზონს ატარებს. იგი როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროპა ლიგაზეც კარგად გამოდის. 

 

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ლუკას ავსტრიაში დავუკავშირდით.

 

- როგორ შეეწყვე ახალ გუნდს და ავსტრიის ჩემპიონატს?

 

- გუნდთანაც და ჩემპიონატთანაც ადაპტაცია მშვენივრად გავიარე, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა. შეწყობის მხრივ ყველაფერი კარგად მიდის და იმედია ასე გაგრძელდება. 

 

- დებიუტი არცისე სასიამოვნო გქონდა, პირველივე შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღე. რამდენად შეგიშალა ამან ხელი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

 

- დებიუტი ზალცბურგთან მქონდა და კარგად მოგეხსენებათ, რა დონის გუნდია ზალცბურგი. ვფიქრობ მეორე ყვითელი ბარათის ეპიზოდში მსაჯს ფორვარდი უნდა დაეჯარიმებინა და ამ მომენტში შეცდა. თანაგუნდელებმაც იგივე მითხრეს, რომლებიც ამ რთულ მომენტში გვერდში დამიდგნენ. ისე კი გაძევებამდე კარგ მატჩს ვატარებდი. 

 

- დინამო - ტირანას მატჩის შემდეგ შენს ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და თვლიდა, რომ ცოტა სათამაშო დრო გექნებოდა. რამდენად იყო ეს შენთვის დამატებითი მოტივაცია?

 

- არ მესმის იმ ხალხის ვინც ასე ფიქრობდა. ფეხბურთელის ერთი თამაშით შეფასება არ შეიძლება. კი ბატონო ტირანასთან გოლის მომენტში შევცდი და მთლიანად თამაში ჩავაგდე, თუმცა მატჩი მთელმა გუნდმა ჩააგდო. როგორ შეიძლება ფეხბურთელის პოტენციალზე ერთი შეხვედრის მიხედვით ისაუბრო, ასეთი ადამიანების აზრს არაფრად ვაგდებ. ამ ხალხს პასუხს მოედანზე გავცემ. ვინც ფეხბურთში ჩახედულია, ყველამ კარგად იცის ჩემი პოტენციალი. ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია ასაკობრივი ნაკრებების ან დინამოს მატჩი ჩართოს. ახლა როცა კარგად ვთამაშობ, სხვაგვარ კომენტარებს ვკითხულობ. 

 

- ვოლფსბერგერი შენი მესამე უცხოური გუნდია და წინა ორთან შედარებით ბევრად მეტს თამაშობ. რამ განაპირობა ის, რომ ვოლფსბერგერში ბევრად უკეთ გამოიყურები, ვიდრე კიევის დინამოში ან ჟილინაში?

 

- უკრაინაში პატარა ასაკში დიდი ამბიციებით წავედი. ტრავმამ საშუალება არ მომცა საკუთარი თავი წარმომეჩინა. დიდი ხანი ლაზარეთში გავატარე, რამაც უკან დამხია. რაც შეეხება ჟილინას, თამამად ვიტყვი, რომ სლოვაკეთში ცუდად მომექცნენ. გამოსასყიდ პირობებს დათანხმდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ჩემ სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურდათ და ჩამომწერეს. ასე ვთქვათ მათი ფეხბურთელი არ ვიყავი. ჩემ გარდა სხვებიც მსგავს სიტუაციაში ჩააგდეს. ჟილინაში გატარებული პერიოდი ჩემთვის მოტივაციად იქცა, მინდა დავანახო, რომ მათზე ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ. რაც შეეხება ვოლფსბერგერს, აქ ყველა ყველაფერს ხედავს და შრომა არ იკარგება. მიხარია, რომ მსგავს პროფესიონალურ გარემოში მოვხვდი. 

 

- რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

 

- ევროპა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და ჩემპიონატში ოთხეულში მოხვედრა. 

 

- ევროპა ლიგაზე სამივე თამაში კარგად ჩაატარე და დადებითი შეფასებები მიიღე, გარდა ამისა ჩემპიონატშიც მშვენივრად გამოდიხარ. ამ ყველაფრის ფონზე ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიცია ალბათ ერთი ორად გაგეზარდა. 

 

- დიახ, რა თქმა უნდა ასეა. ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიციის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ჩემი ოცნება სწორედ საქართველოს ნაკრებში თამაშია. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. 

 

- გუნდში შენთან ერთად გურამ გიორბელიძეცაა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს. რა სიტუაციაა მის გარშემო?

 

- გური შემდეგი კვირიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს. კარგადაა, რაც ძალიან სასიხარულოა. 

 

- 21 წლამდელთა ნაკრების შესარჩევი დასასრულს უახლოვდება. როგორ შეაფასებ ამ შესარჩევს?

 

- ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. კარგი გუნდების წინააღმდეგ თავი მშვენივრად წარმოვაჩინეთ. რაღაც მომენტებში მეტად რომ გაგვმართლებოდა, შეიძლება ცხრილში უკეთეს პოზიციაზე ვყოფილიყავით. 

 

- და ბოლოს. საქართველოს ნაკრებს ისტორიული მატჩი ელის ჩრდ. მაკედონიასთან. რა მოლოდინი გაქვს?

 

- მხოლოდ მოგებას ველი, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ყველა ქართველის ოცნებაა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და მჯერა ასეც იქნება.