დონჩიჩი მოიგებს

... თუ მარკ კიუბანი გუნდს შეცვლის. ამ დალასით შანსი არ არის. ლუკაც ვერ გაქაჩავს.

დონჩიჩს შეუძლია რომელიმე სერიაში ერთი, ორი მატჩის პირადად წამოღება, მაგრამ დაუნდობელ დასავლეთში ლუკა სერიას ვერ აიღებს. ამ დალასით ეს პრობლემაა.

გუნდმა უნდა დაირტყას კარგი ცენტრი და კარგი ფრთა. რომელიც ლუკას დაასვენებს.

და, კიუბანმა სამი ბიჭი შემოხაზა.

 

*****

 

ვიქტორ ოლადიპო. ინდიანასთან მიმდინარე კონტრაქტი აქვს. 2020-2021 წლების სეზონში ზის 21 მილიონ დოლარზე. კარგად, კაპიტალურად ზის. არის შანსი, რომ დაიბრუნოს ძველი კონდიციები და გახდეს სასურველი პერსონაჟი ბევრი გუნდისთვის. დალასი არ იბრძვის ჩემპიონობისთვის და ოლადიპოს სურს ჩემპიონობა.

 

სპენსერ დინუიდი. ბრუკლინში დიდი დოზით ნიჭია. ბრუკლინში შეიცვალა მუღამები და იქ კევინ დიურანტის ერა დაიწყო. იქვე დაბაჯბაჯებს კაირი ირვინგიც, რომელმაც ბევრის გაფუჭება ვერ უნდა მოასწროს. და, დინუიდი ჯერ ჰაერშია. დინუიდი ძალიან კარგი ბიჭია და მის დამატებაზე არავინ არ იტყვის უარს. დალასში მაგრად ჩაჯდება.

 

დრიუ ჰოლიდეი. ნიუ ორლეანზში სხვა ასაკობრივი პრიორიტეტები მოდის. იქ ზაიონის და ინგრემის ეპოქა იხსნება და 30 წლის ჰოლიდეი შეიძლება, ზედმეტი გახდეს. ბიჭი ფორმაშია. ბიჭი დომინირებს დაცვაში და ბიჭს აქვს დარჩენილი 2-3 კარგი სეზონი. უბრალოდ, დალასში მისი პროდუქცია შემცირდება და ის ყოველთვის მეორე-მესამე ოფცია იქნება. უკეთეს შემთხვევაში.

 

*****

 

შანსია, რომ დალასი ტიმ ჰარდევეი-უმცროსის გარეშე დარჩეს. შემდეგ სეზონში ტიმს ბოლო საკონტრაქტო ვალდებულება აქვს მოსახდელი. 18 975 000 დოლარის ვალდებულება. და, ჰარდევეი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდება. ჰარდევეი უმატებს, ჰარდევეიმ დაიწყო დაცვაში ყომარი და ჰარდევეი არ იტყვის უარს ოთხწლიან, 100-მილიონიან კონტრაქტზე.

პლიუს, გაითვალისწინეთ სიტუაცია, რომ ბეისბოლისგან და ჰოკეისგან განსხვავებით, NBA ხელფასებს არ შეამცირებს. ლიდერების ღირებულება გაიზრდება. და, ჰარდევეი მეტზე წავა. თუ ამ კუშს დალასი არ გადაიხდის, ახალგაზრდა მსროლელი სხვა ადგილს გაშანსავს.

დალასი ემზადება. დალასი აუცილებლად გააკეთებს ერთ მაგარ სვლას.

თუ არ გამოვა რუდი გობერის აყვანა (ფრანგი სიამოვნებით წავა იქ, სადაც მას მაქსიმალურ კონტრაქტს მისცემენ), პრიორიტეტი ჰარდევეის პოზიცია იქნება. ტიმი თუ რჩება - მშვენიერი. კიუბანს მოსწონს ჰარდევეი და ტიმისთან ერთად კარგად აწყობს ლუკაც.

თუ ჰარდევეისთან მოლაპარაკება არ გამოვა, მაშინ, ველოდებით ამ სამიდან ერთ-ერთის გადატანას ტექსასში.

კიუბანი გუნდს აუცილებლად შეცვლის და, ალბათ, გააძლიერებს.

დონჩიჩმა უნდა მოიგოს. როგორც - დირკმა.