თორნიკე ცენტრში იდგა

არა - ცენტრზე. ქართული მდიდარი ენაა და ზოგმა შეიძლება, არსწორად გაიგოს სათაური.

ხანდახან, თორნიკე შენგელია მეხუთე ნომერზეც ადიოდა, მაგრამ ეს უფრო გაცვლებით ხდებოდა და არა - გეგმით.

ბასკონია მოსკოვში ჩავიდა. და, ფეხბურთში ისტორიული და მძიმე მატჩის პარალელურად, ცსკა 42-ედ (ევროლიგის რეკორდი) დაელაპარაკა ესპანურ კლუბს.

ცსკა იგებს. 89:86. ბოლო მეოთხედში 13 ქულით გაქცევის შემდეგ, რუსული მანქანა დადგა. ეს ხდება ხოლმე. საკმაოდ ხშირად ხოლმე. ეს ცსკას ვალიდოლური სტილია.

და, ცსკასთვის ეს ევროლიგის საიუბილეო ჩეხვა იყო. 500.

აზრზე ხართ? 500! კიდევ ერთი რეკორდი. როგორც ის, რომ გუნდი 18 სეზონში 17-ჯერ (!!!) ოთხთა ფინალის მონაწილე გახდა. არარეალური სტაბილურობა.

და, ამ მანქანის ერთ-ერთი შეუცვლელი პერსონა არის თოკო. რომელიც იმ, მეორე გუნდში ადრე იყო ყველაფერი. რომელიც იქ, ბასკონიაში იყო კლუბის სახე, თვალები, გული და პულსი.

და, აქ, გრანდში, შეიცვალა საქართველოს ნაკრების კაპიტნის როლი. უნდა შეცვლილიყო.

 

*****

 

თოკომ პირველ ტაიმში 4 ქულა აკრიფა. ბოლო წუთამდე. ბევრი არ არის. და, როდესაც ცსკამ დაიწყო ბოლო შეტევა, ბურთი პერიმეტრზე მიიღო თოკომ. ჩვენმა ბიჭმა გააკეთა ნაბიჯი, შემდეგ - მეორე და ჰაერში თითქოს, პაუზა აიღო. უცბად აიწია და მიატენა ყოფილ გუნდს. და, ამ მოძრაობაში იყო მონატრებაც.

ახალ გუნდში თორნიკე უფრო მეორე ან - მესამე შემტევი ოფციაა. გააჩნია, როგორ ეძინა მაიკ ჯეიმსს. და - როგორი პროცენტით იწყებს სროლას უილ კლაიბერნი.

საბოლოოდ, 12 ქულა. მისაღებია. 8/5 თამაშიდან. ძალიან კარგია. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე სროლის დროს თოკოს ორი კაცი იჭერდა. 7 მოხსნა - ცსკას ლიდერი. და, 4 შედეგიანი გადაცემა. 4 ელეგანტური გადაცემა. კიდევ ორი პასი ბიჭებმა გააფუჭეს. თოკო იყო მაგარი მონდომებული. თოკო იყო აგრესიული და თოკოსთან ბურთი მაინც იშვიათად მიდიოდა.

ეს გამოსწორდება.

მატჩის დაწყებამდე ბასკონიას მთავარი მწვრთნელი დუშკო ივანოვიჩი თოკოზე საუბრობდა. ის იყო ბასკონიას ემბლემა. ის იყო ვარსკვლავი და ვიცი, როგორ ელოდება ამ მატჩს, თქვა კარგმა მწვრთნელმა.

დიახ, თოკო ამ მატჩს ელოდებოდა. ისევე, როგორც - ნებისმიერს. უბრალოდ, თოკოს სტატუსი (ვარსკვლავი) ამას გულისხმობს. ეს თოკოშია.

და, შეიძლება, დარუნ ჰილიარდმა 31 ქულა (კარიერის რეკორდი ევროლიგაზე) გლიჯა და 7 სამიანი გამოიყენა, ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მოთამაშე იყო შენგელია.

ბრავო, თოკო!

შენგელია უმატებს. ახალი წლისთვის ველოდებით აფეთქებას. გეშინოდეთ.