გუნდი უნდა სჯობდეს გუნდს!

 

 

 

 

 

 

 

გვაჯობეს და მოიგეს! ჩრდილოეთ მაკედონია დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მორჩა!  ახლა, ისეთ საშინელ განწყობაზე ვარ, რომ სიამოვნებით აქვე დავსვამდი წერტილს.

ვუყურებ სოციალურ ქსელებს. უმეტესობა ბრაზობს. მე კი მართალი გითხრათ დავითრგუნე და ჩხუბიც აღარ მინდა. უბრალოდ, საზიზღარ ხასიათზე ვარ.

მაკედონიელებმა მეორე ტაიმში ფეხი არ გაგვანძრევინეს. ერთი კომბინაცია ვერ ჩავატარეთ. ხეირიანს ვინ ჩივის, სამი უხეირო, გვერდზე პასიც ვერ გადავაბით ერთმანეთს. ეს იმიტომ, რომ მეტოქემ იცოდა — ქართველებს არ უყვართ, როდესაც პრესინგს ეთამაშებიან. არ უყვართ, როდესაც ბურთაობის საშუალებას არ აძლევენ და მე, როგორც ასაკოვანი გულშემატკივარი ამას დაახლოებით ნახევარი საუკუნეა ვუყურებ.

 

 

მატჩის წინ, როდესაც მაკედონიელები ამბობდნენ, ვიცით მაგათი წამალიო, ზუსტად ვხვდებოდი რასაც გულისმობდნენ: მიხრჩობას! ის, რომ მათი ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში თამაშობენ და უფრო მაღალი კლასისანი არიან, პირადად ჩემთვის სიტყვების ჟღარუნია. რა ამისთანა გუნდებში თამაშობდნენ და რა ამისთანა ოსტატობით გამოირჩეოდნენ? პირველად ვუყურებით თუ რა? კი ბატონო, გორან პანდევს ეტყობოდა, რომ მართლა კარგი ოსტატი იყო, მაგრამ სხვებმა რა იცოდნენ ასეთი, რაც ვთქვათ ნიკა კვეკვესკირმა არ იცოდა? ტაქტიკური ფოლის აღება, კოჭებში ფარულად მირტყმა და ეგეთი რაღაცები?

სწორედ გამიგეთ, არც იმას ვამბობ, რომ როგორც ფეხბურთელები ჩვენები ჯობდნენ და ჩრდილოეთ მაკედონიის მოგება სენსაცია იყო. სხვა რაღაცის თქმა მინდა: როდესაც მეტოქე მჭიდროდ გეთამაშება და ცდილობს ფეხი არ გაგანძრევინოს, შენ უკვე როგორც გუნდმა უნდა აჯობო. ნუ, თუ მესი, რონალდუ ან ვიღაც ეგეთი არ გყავს, რომელიც თამაშის ბედს ერთი ეპიზოდით შეცლის. და რომც გყავდეს, მაინც ჯობს იმ ერთი ეპიზოდის იმედად არ იყო.

ამგვარად, მივედით იქამდე, რომ ჩრდილო მაკედონიის გუნდმა საქართველოს გუნდს აჯობა. ვიმეორებ, რისტოვსკი ან ტრიცკოვსკი კი არ იყვნენ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები, უბრალოდ მათ იცოდნენ, როგორ უნდა ეთამაშათ ერთად, რა უნდოდათ.

 

 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, პრეს-კონფერენციაზე უბრძანებია (თუ დააბრალეს, ბოდიშს მე ვიხდი), ერთი პოზიციური შეცდომის გამო წავაგეთო. ღმერთია მოწმე, ამ კაცის ბევრი ნაკლის მიუხედავად მის განმქიქებელთა შორის არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ არ არის მართალი: წავაგეთ იმიტომ, რომ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში, ყველა ეპიზოდში, მეტოქე გუნდური თამაშით გვჯობდა.

გუნდური თამაში კი მწვრთნელზეა.

წავაგეთ! მეტოქემ გვაჯობა! იმ ჩვენს საყვარელ ფრაზას, „მსაჯებმა დაგვწვესაც“ ვერ ვიტყვით. ვერც უიღბლობას დავაბრალებთ რამეს. ნუ, კვარაცხელიას კორონა რომ არ შეყროდა… მაგრამ, მოდი, რა ამ უნიჭიერეს ბიჭს ზედმეტ ტვირთსაც ნუ ავკიდებთ. ჯერ, 19 წლის არის. ასეთ თამაშში დიდი შანსია ხვიჩასაც არაფერი გამოსვლოდა. იმ ერთი, ზემოთ ნახსენები, ვარსკვლავური ეპიზოდის გარანტიას კი ვერავინ მოგვცემს. კვარაცხელიას კი არა, ყოფილა, მესის არ გამოსვლია არაფერი.

მოკლედ, ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მე პირადად, ერთხელაც ვულოცავ გამარჯვებულს და ვუსურვებ წარმატებას, თუმცა რას დაარქმევენ მაკედონიელები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ეს აღარ ვიცი. მათი გადასაწყვეტია.

ან, ჩვენ რას დავარქმევდით, რომ გავსულიყავით…

 

 

ერთა ლიგა უეფას ექსპერიმენტია და შევხედოთ, რა გამოვა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ჩვეულებრივი შესარჩევი ტურნირი არ იყო, სადაც ზოგ შენზე ძლიერსაც უნდა მოუგო თორემ ისე ვერსად გახვალ.

და ბოლოს, ფეხბურთელებს მინდა მივმართო: ბიჭებო, რაც მოხდა, მოხდა. ახლა სომხეთთან და ესტონეთთან გვაქვს სათამაშო (თან ორივე თბილისში) და გეხვეწებით, ყურებჩამოყრილი ნუ გახვალთ მოედანზე. სირცხვილია.