ლებრონმა დაიწყო

დეტროიტის სადისტები დახვდნენ.

სხვა შემთხვევაში, ყველაფერი უბნის წესებით დასრულდებოდა - დატოვე, რაც ზურგჩანთაში გაქვს და მოხიე აქედან, უთხრეს ლებრონს და, ალბათ, სხვა, თითქმის ყველა ლებრონის ადგილზე ასე მოიქცეოდა.

ლებრონი არ გაიქცა. რატომღაც, ჩათვალა, რომ ეს არასწორი იყო.

დადო ზურგჩანთა, შეხედა თვალებში დიდ ბიძებს და დადგა. მოდით, სათითაოდ უნდა დაგთვალოთ, იყო ლებრონის პასუხი.

და, დეტროიტი დაიძრა.

 

საჩემპიონო (2004) ხუთეულიდან პისტონზში არ იყო მხოლოდ რაშიდ უოლასი. მისი ადგილი დაიკავა ნიჭიერმა და ზარმაცმა კრის უებერმა. დანარჩენები (ჩონსი ბილაფსი, რიჩარდ ჰამილტონი, ბენ უოლასი, ტაიშონ პრინსი) ადგილზე იყვნენ.

და, კლივლენდმა აუშვა ლებრონი.

 

რომელიც იყო მომაკვდინებელი და ლამაზი ერთდროულად. რომელმაც ყველა დარტყმას გაუძლო, შემდეგ, შეხედა თვალებში ხულიგნებს და დაამტვრია.

იმ მომენტში ანგარიში იყო 2:2. და, კლივლენდმა დეტროიტიდან მნიშვნელოვანი მატჩი წამოიღო. დამატებით დროში, 109:107.

ძირითადის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლებრონი 7 ქულას აგებდა. და, თამაში დამატებითში გადავიდა. სადაც, ჯეიმსმა წერტილი დასვა. ხერხით.

კლივლენდის ბოლო 29 ქულიდან ლებრონმა 25 დაირტყა. სულ - 48. იქვე, 9 მოხსნა და 7 პასი.

ასე დაიწყო ეს დიდი გზა.

რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

და, ერთხელაც, ყველამ ერთად - თავი დავხაროთ, ეს მეფეა.