ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები დატოვა

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სლოვაკ სპეციალისტთან შეთანხმებით მიიღო. ამის შესახებ სფფ-ს ოფიციალური საიტი იუწყება. 

 

ვაისი ჯვაროსნებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. სლოვაკი სპეციალისტის ხელში ჩვენმა გუნდმა 47 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. სწორედ ვაისის ხელში ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალი. 

 

"გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

 

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს."-ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.

 

რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, ქართველ ფეხბურთელებს აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. 

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ს ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.