ჰარდენი ბრუკლინში

ბრუკლინი ჯეკპოტს მოხსნის.

კევინ დიურანტთან ერთად გუნდი დაიკონტრაქტებს ჯეიმს ჰარდენსაც. და, აქ უკვე კაირი ირვინგიც ვერ გააფუჭებს ვერაფერს.

დიურანტი და ჰარდენი ოკლაჰომაშიც ახლობლობდნენ. და, ბიჭები ამ შანსს გამოიყენებენ. თუ დიურანტი ფეხზე იდგება, ბრუკლინი ჩემპიონობისთვის შეასკდება ყველას. ლეიკერსს, კლიპერსს, მილუოკის, ყველას.

ჰიუსტონმა ჰარდენს დიდი კუში შესთავაზა. ორი სეზონი, 103 მილიონი დოლარი. ამერიკული დოლარი.

და, ჯეიმსმა უარი თქვა. ჰარდენს ჰიუსტონში დარჩენის მუღამი აღარ აქვს. დერილ მოურის და მაიკ დ’ანტონის გაშვების შემდეგ, გუნდი იცვლება. და, ჰარდენს ეს არ მოსწონს.

ჰიუსტონთან მეგობრობის შემთხვევაში, ჯეიმსი გადაწერდა ისტორიას. ჰარდენი გახდებოდა პირველი მოთამაშე წლიური 50-მილიონიანი შემოსავლით.

აზრზე ხართ?!

 

*****

 

და, ჯეიმსი ჩემპიონობაზე მიდის. ჯეიმსმა საკმარისად მოიგო, როგორც - ჰარდენმა. დროა, გუნდურად შეუბეროს და დიურანტთან ერთად სცადოს ბედი.

ბრუკლინი ჰარდენზე დიდ ფსონს ჩადის. ბრუკლინი ყველას ცვლის, ბრუკლინი ყველას დააყენებს ამოსარჩევად. და, ჰიუსტონიც კარგ ამანათს ჩაიბარებს. უბრალოდ, ეს აღარ იქნება ძველი, სუპერვარსკვლავის გარშემო აწყობილი გუნდი. ჰიუსტონი სიღრმეს აწვება. და, ეს რისკია. ერთ სეზონში გუნდის სტილი, გულშემატკივრის გემოვნება არ იცვლება. ეს ყოველთვის მძიმე პროცესია.

ჰარდენს ჰიუსტონთან გარანტირებული კონტრაქტი აქვს. ჰარდენი აქ ღმერთია,. მაგრამ ჯეიმსს ახალი ჰაერი, ახალი გამოწვევა, ახალი პარტნიორები სურს. და, ეს ნორმალურია. თუ არ გამოდის შეცვლილ როკეტსში - იყოს, ახალ ბრუკლინში.

 ამ გაცვლით ბრუკლინი აღმოსავლეთის ფავორიტია. დიახ, უფრო დამრტყმელი და საინტერესო, ვიდრე - მილუოკი, რომელიც იანის ანტეტოკუმპოს შენარჩუნებას ცდილობს. და, ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ჰარდენი იწყებს ახალ გარბენს და ეს იქნება ისტორიული წლები. ჯეიმსისთვის, კევინისთვის და ხულიგანი კაირისთვის. ბრუკლინი მხრებში გაიშლება.

პროცესში, ჰიუსტონი კიდევ ერთ მოთამაშეს გაცვლის.

რომელიც როკეტსში იდეალურად შევიდა და იდეალური იქნება ნებისმიერ სხვა გუნდშიც.

რობერტ კოვინგტონს (29 წლის, 201, შარშან 11.6 ქულა, 8.0 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა, 1.5 პასი და რკინის დაცვა) გაუშვებენ პორტლენდში და ტექსასში გადმოვა ვეტერანი ტრევორ არიზა (35 წლის, 203).

კოვინგტონი გუნდში კლინტ კაპელას ტრანსფერით გადავიდა. კოვინგტონი პორტლენდს ბევრ პლიუსს მისცემს. კლასიკა.