ანტეტოკუმპოსთვის

მილუოკიმ ორი სერიოზული სვლა გააკეთა.

მილუოკი იანის ანტეტოკუმპოს შენარჩუნებას ცდილობს. და, მილუოკი ამ სვლებით უკვე მანქანაა.

პირველი სვლა - მილუოკიმ ნიუ ორლეანზიდან წამოიყვანა დრიუ ჰოლიდეი (30 წლის, 191).

მილუოკი ნიუ ორლეანზს მისცემს ერიკ ბლედსოუს (30, 185) და ჯორჯ ჰილს (34, 190). იქვე, პირველი დრაფტის სამი არჩევანს და ორი გაცვლის უფლებას.

ჰოლიდეი ძალიან კარგია. ალბათ, დღეს ყველაზე სერიოზული პერსონალური დამცველი დაბლებში, რომელიც ასევე - ქმნის. პატრიკ ბევერლი ალბათ, უკეთესია დაცვაში, მაგრამ ბევერლი მკვდარია კრეატივში. ჰოლიდეი აქ დაალაგებს. მაგრად უნდა დაალაგოს.

შარშან - 19.1 ქულა. დაგლიჯა. 6.7 პასი. შეასრულა. 4.8 მოხსნა. გაასწორა. 1.6 ჩაჭრა. დაგვარწმუნა. ჰოლიდეიმ შარშან, ცოტა ჭრელ და ნიჭით ზედმეტად გადატვირთულ გუნდში დიდი როლი ითამაშა. და, ჰოლიდეი დაეხმარება იანისს. ბერძენმა ღმერთმა იდეალური აკომპანიატორი მიიღო.

ბლედსოუს და ჰილის დაკარგვა მძიმეა. ბლედსოუც მშვენიერი დამცველია, რომელიც ხვდებოდა დაცვის მეორე, მესამე ხუთეულებში. და, ბლედსოუ არ დაიკარგება ახალ გუნდშიც.

ჰილი არ იცვლება. რაც იყო ბევრი წლის წინ სან ანტონიოში და შემდეგ - ინდიანაში, იგივეს ყომარობს დღესაც. ჰილმა უნდა გაქაჩოს. ოდნავ დაეცა ჯორჯის პროდუქტიულობა დაცვაში (ასაკი მძიმე თემაა), მაგრამ ჰილი ითამაშებს.

 

*****

 

მეორე სვლა - მილუოკიმ დაალაგა საკრამენტოსთან და წამოიყვანს მსროლელ ბოგდან ბოგდანოვიჩს (28, 198).

საკრამენტოში გადაისვრიან ფორვარდებს ერსან ილიასოვას (33, 208) და დი ჯეი უილსონს (24, 208). ასევე - მცველ დონტე დივინნჩენცოს (23, 193).

ბოგდანოვიჩი ძალიან კარგია. სერბი კინგზში 2017 წლიდან დარბის. შარშან - 15.1 ქულა, 3.4 მოხსნა, 3.4 პასი, 1.0 ჩაჭრა. ბოგდანოვიჩი იანისისგან ბევრ დროულ პასს მიიღებს. და, მილუოკი ბოგდანოვიჩისგან ბევრ ბასრ სამიანს დაიტოვებს.

სერიოზული ტრანსფერებია.

მილუოკი იცვლება. იანისი დარჩება.