თორნიკემ შეასრულა

ნუ გიკვირთ. ჟალგირისთან მოგებულ ჩეხვაში (87:78) თორნიკე შენგელია ცსკა-ს ერთ-ერთი საყრდენი, შეუცვლელი პერსონაჟი იყო. თოკომ მატჩი მხოლოდ 7 ქულით, 10/3 ზუსტი სროლით და 3 შეცდომით დაასრულა, მაგრამ შენგელია სხვა ნიუასნსებში დომინირებს.

ჯერ ერთი - თოკო ცსკა-ს საუკეთესო დამცველია და მასთან ახლოს ვერავინ ვერ დგას. პოტენციურად, დაცვაში ყველაზე კარგი უნდა იყოს უილ კლაიბერნი, მაგრამ ის იცვლება და თითქმის მთლიანად შეტევაზე არის გადართული.

გაცვლების შედეგად, თოკო ყველაზე ეფექტურად იცავდა თავს ჟალგირისის დაბლებისგან და როდესაც შენგელიაზე მაღლები ადიოდნენ, გარედან საერთოდ არ ჩააგდებინა.

 

*****

 

შენგელია მშვენივრად აზღვევს პერიმეტრზე ნიკოლა მილუტინოვს, როდესაც სერბ ცენტრზე სწრაფი დაბალი მოთამაშის დატოვებას ცდილობენ. და, შემდეგ, უკვე სამწამიანში, ნიკოლა ეხმარება თორნიკეს. ასე, ენაცვლებიან ერთმანეთს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.

თორნიკეს ყველა მატჩში 4-5, შეიძლება 6 პასის გაკეთებაც კი შეუძლია. და, რეალურად, ის ბოლო პერიოდში ავიდა ამ სტატისტიკაზე. უბრალოდ, პერიმეტრიდან ჩამგდები ვერ აგდებს და თოკოც კარგავს რამდენიმე შედეგიან გადაცემას. ეს მოგვარებადია, და, თოკოც არ დასდევს სტატისტიკას. ის ამაზე მეტია.

თოკომ იდეალურად დაამუღამა დაბლებისთვის დერეფნის გახსნა. ყველაზე კარგად შენგელია ეხმარება დარუნ ჰილიარდს და, მომენტებში, მის გარეშე ვერ აგდებენ ვერც დენი ჰაკეტი და ვერც - მაიკ ჯეიმსი.

და, დააკვირდით, როგორ იღებს პაუზას შენგელია. ბურთით, ის ელოდება ეპიზოდის განვითარებას და მხოლოდ საუკეთესო პასის გაკეთებას ცდილობს. უბურთო შენგელიაზე ადის ორი კაცი და დამზღვევმა რომც მოასწროს თავის კაცზე დაბრუნება, ცსკა მაინც ფლობს უპირატესობას - იშლება ზონა, ან - დამცველი კარგავს დროს.

ამას ყველაფერს თოკო აკეთებს.

პლიუს, თორნიკეს ცსკა-ში მაიკ ჯეიმსის შემდეგ ყველაზე მეტი პასი აქვს. 2.8. მშვენიერი სტატისტიკა გუნდში, სადაც ყველას აქვს ყველაფრის უფლება. მაგრამ სრორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, შენგელიას ეს პროდუქცია ორმაგად დასაფასებელია, რადგან ის გუნდის ინტერესებს იცავს.

 

*****

 

შენგელიას საშუალოდ 6.0 მოხსნა აქვს. საუკეთესო შედეგი ცსკაში და მესამე შედეგი (ჯალენ რეინოლდსის და იან ვესელის შემდეგ) ევროლიგაზე. მშვენიერი სტატისტიკა. თოკოს მეტის აღებაც შეუძლია, მაგრამ ის ეპიზოდურად განგებ ამოდის პერიმეტრზე, რომ მანამდე ნახსენები დეფერნის გახსნა მოასწროს.

ცსკამ მძიმედ დაიწყო პერიმეტრიდან სროლა და პირველი რამდენიმე მატჩის შემდეგ ზუსტი სამიანების პროცენტით ბოლოში იჯდა. გუნდმა თოკოს და მილუტინოვის აქტიურობით და მათზე ორმაგი მეურვეობის გადასვლით მიიღო მეტი თავისუფლება პერიმეტრზე და დღეს, უკვე პირველია.

ტრანსფორმაცია გრძელდება და არ გამიკვირდება, თოკო წლის საუკეთესო დამცველის პრიზზე რომ წარადგინონ. შეიძლება, ჩვენ შეტევაში უკეთესი პროცენტი და მეტი შედეგიანობა გვსურს, მაგრამ შენგელია ცსკა-ში ევროლიგის მოსაგებად გადავიდა და ამ ეტაპზე, სწორედ თოკოს გუნდია ტურნირის მოქმედი ჩემპიონი.

ტიტული დასაცავია და ამის გაკეთება მხოლოდ საუკეთესო თოკოთი იქნება შესაძლებელი.

და, სხვებს, ვინც თოკოში მხოლოდ ქულების მანქანას ხედავს, დააკვირდით ამ და კიდევ სხვა დეტალებს, რაც გუნდს მოგებაში მაგრად ეხმარება.

თოკო შეუცვლელია.