რა კარგი იყო D-ში

 

 

 

 

 

 

 

კაცია, ადამიანი! თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთი რომ რჩებოდა, გლიჯა, გაგვიტანა და მოგვიგო.

ილიას მოთხრობის ეპიგრაფიც ხომ გახსოვთ? „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო“. აი, ზუსტად, რომ მოყვრობა გამოუვიდა გერმანიაში გაზრდილ სომეხს — გლიჯა, გაგვიტანა, მოგვიგო და დაგვაბრუნა იქ, სადაც ჩვენი ადგილია, აუტსაიდერებში. კაცი ხარ, კაცი, ადამიანო!

ისე, თუ ილია ჭავჭავაძე ამ ჩვენი მდაბიო ფეხბურთისთვის მეტისმეტ კლასიკად მიგვაჩნია, მაშინ „სოპრანოები“ ან რომელიმე განგსტერული ფილმი ხომ ყველას გვაქვს ნანახი და ალუზიასაც მასთან ვუხმოთ — ჩრდილოეთ მაკედონიამ მოგვკლა, სომხეთმა კი საკონტროლო დაგვახალა.

 

პოლონეთში სომხებს დავუზავდით… | ათიანი

 

ნუ, ბოლოს, ტალინის ფლორას რომ ვეღარ მოვუგეთ, ეგ სახსენებელიც არ არის. უკვე ვიცოდით, რომ მკვდრები ვიყავით და როგორ მოვუგებდით?

და თუ მაინცდამაინც საფეხბურთო ტერმინებით გვინდა ლაპარაკი, მაშინ ასე ვთქვათ: ქართველებმა ჩავატარეთ სამი მატჩი რომლებშიც არც დაცვა გვყავდა, არც ნახევარდაცვა, არც თავდასხმა და არც მაყურებელი. ქვეყანაში გამოცხადებული გვქონდა შემოდგომის ფესტივალი დევიზით: ძირს, ყველანაირი ზეიმი!

რაც შეეხება ამაზე უფრო ღრმა ანალიზს, მისი მცდელობაც კი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან ფეხბურთი შეიძლება გაარჩიო მაშინ, როდესაც მას თამაშობენ. როგორ შეიძლება დავსხდეთ და ისეთ სერიოზულ ქმედებას, როგორიც არის საფეხბურთო მატჩის ანალიზი, საქართველოსა და ტალინის ფლორას ფრედ დამთავრებული შეხვედრა ვაკადროთ.

ზემოთ, კუთვნილ ადგილზე დაბრუნება რომ ვახსენეთ, მაგაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა საქართველოს ჩემპიონატიდან. გუნდს, გვარებს და სახელებს, ცხადია, არ დავასახელებ.

ერთხელ, ერთი ქართული გუნდი პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა — ალალად, დამსახურებულად. ამ გუნდს ჰყავდა თავდამსხმელი, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. ზოგჯერ ერთ შეხვედრაში ორს და სამსაც შეაგდებდა ხოლმე, მაგრამ გავიდა ზაფხული, დაიწყო შემდეგი სეზონი და… ამ თავდამსხმელს იღბალმა ზურგი აქცია. თამაში თამაშს მოსდევდა, მას კი გოლი ვეღარ გაჰქონდა.

ამასობაში დაიწყო საქართველოს თასის გათამაშებაც, რომელშიც გუნდს, რომელზეც ჩვენ ვყვებით, მეტოქე პირველი ლიგიდან შეხვდა. გამოვიდა ეს თავდამსხმელი და… ოთხი გოლი შეუგდო. დამთავრდა, მატჩი. შედიან ფეხბურთელები გასახდელში. წამოეწია ბომბარდირს ერთი კვიმატი თანაგუნდელი, გადახვია ხელი და: „ვახ, შენს ლიგაში მაინც რა მაგარი ხარ“-ო, უთხრა.

 

გაირკვა, თუ სად გაიმართება სომხეთი-საქართველო

 

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო. გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ერთა ლიგის D დონეზე. აქეთ ყაზახეთს ვანგრევდით, იქით ლატვიას და ანდორას. ისეთ ეიფორიაში ვიყავით, სულ დაგვავიწყდა, რომ „ჩვენს ტოლ გოგო-ბიჭებში“ ვჟრიამულობდით და არა ნაღდ შესარჩევში, საიდანაც გასვლას ფეხბურთის თამაში სჭირდება. შეგნებულად ვამბობ ასე, ფეხბურთის და არა ფეხბურთს მიმსგავსებული რაღაცის.

რაც შეეხება ბევრ სხვა საკითხს, რომელიც ცხადია გასარჩევი დაგვრჩა, მოდი მათზე მსჯელობა სამომავლოდ გადავდოთ. დღეს, ამ ერთ კვირაში მოყენებული ჭრილობის ზედმეტად გაღიზიანებისთვის თქვენც ცოდო ხართ და მეც.