საქართველოს ნაკრების ჩავარდნილი 2020

საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან ნულოვანი ფრე ითამაშა და წელიც ამით დახურა. ფრაზა "ორი აზრი არ არსებობს" დიდად არ მიყვარს, რადგან ალბათ ყველაფერზე შეიძლება ორი განსხვავებული აზრის დაფიქსირება, თუმცა ეს ის შემთხვევაა როცა ორი აზრი მართლა არ არსებობს, საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წელი ძალიან ცუდი იყო. 

წლის პირველი შეხვედრა ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზიონის 1/2 ფინალი უნდა ყოფილიყო, თუმცა კორონამ მატჩი ორჯერ გადადო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბელარუსებს 26 მარტს კი არა 8 ოქტომბერს შევხვდით. 

საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი ესტონეთში გამართა, სადაც C ლიგაში ადგილობრივ ნაკრებს კაჭარავას გოლით 1:0 მოუგო. მძიმე მატჩი იყო, თუმცა მთავარი მისია შესრულდა და გუნდმა 3 ქულა აიღო. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩაკვეტაძესთან ერთად ლიდერობა წლის აღმოჩენამ ხვიჩა კვარაცხელიამ ითავა, რომელმაც კაჭარავას საგოლე გადაცემა გაუკეთა. ხვიჩაზე აუცილებლად ცალკე უნდა ითქვას, ოღონდ აქ არა.

 

მეორე შეხვედრა ესტონეთზე გაცილებით ძლიერ ჩრდ. მაკედონიასთან დინამო არენაზე ჩატარდა, გუნდთან, რომელიც ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ქართველთა პოტენციური მეტოქე იყო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველები პირველივე წუთებზე დაწინაურდნენ, კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი ოქრიაშვილმა გოლად აქცია. მალევე დებიუტანტი ნიკა მალის შეცდომის შემდეგ, სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულეს. 


დადგა 8 ოქტომბერი, ბელარუსთან მატჩის დღე, დღე რომელსაც თითქმის 2 წელი ველოდით. თამაშს დანაკლისით შევხვდით, თუმცა სტუმრები ჩვენზე ცუდ დღეში იყვნენ. ტრავმების და კორონავირუსის გამო, რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, თანაც ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გარკვეულწილად მოქმედებდა მეტოქეზე. 

მატჩი 1:0 დასრულდა, მასპინძლები აქაც ოქრის პენალტით დაწინაურდნენ, 11 მეტრიანი თავად თორნიკემ მოიპოვა. სიმართლე ითქვას შესუსტებულ ბელარუსთან ჩვენი გუნდისგან უფრო შემტევ და ლაღ თამაშს ველოდით, თუმცა ასეთი მნიშვნველოვანი მოგების შემდეგ აქცენტი მხოლოდ შედეგზე გადავიტანეთ და მოსალოდნელზე ნაკლებად სანახაობრივმა ფეხბურთმაც, უკანა პლანზე დაიწია. 

 



ბელარუსთან მოგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონში 2 მატჩი გამართა და ორივე ფრედ დაასრულა. სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო კაპაროსის გუნდს პოლონეთში დავუპირისპირდით. ნომინალური მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში კაჭარავამ გაათანაბრა, შემდეგ შეცვლაზე შესულმა ოქრიაშვილმა გაიტანა, ბოლოს კი სომხებმა პენალტი შეაგდეს. 

ჩრდ. მაკედონიასთან თამაშისას უკვე ვიცოდით, რომ D დივიზიონის ფინალში სწორედ ანგელოვსკის დამოძღვრილებს შევხვდებოდით და იმის ვარაუდიც იყო, რომ გუნდები კარტებს ბოლომდე არ გახსნიდნენ და შეიძლებოდა ძალებიც დაეზოგათ. ჩვენებმა უპირატესობა მანამდე ვერ იგდეს ხელთ, სანამ მეტოქე 10 კაცით არ დარჩა. წითელი ბარათის შემდეგ ვაისმა უმალ შეტევა გააძლიერა, რამაც შედეგი გამოიღო. ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე ინდივიდუალურმა თამაშმა და გოლმა 3 ქულის შანსი გაგვიჩინა, თუმცა სტუმრებმა ბოლო წუთზე პენალტით გაათანაბრეს. 


ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, მთელი ყურადღება 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაზე იყო გადატანილი. 1 თამაშის მოგება და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა, მიზანთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

წინასწარ ვიცოდით, რომ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ტრავმების გამო ვერ ითამაშებდნენ, თამაშამდე 2 დღით ადრე კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ, რამაც ჩვენი ნაკრების ამოცანა ერთი ორად გაართულა. ტრავმების და პანდევმიის გამო ჩრდ. მაკედონიებსაც აკლდათ რამდენიმე ფეხბურთელი.

ჩვენმა გუნდმა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩი 0:1 დათმო და გოლი 37 წლის მრავლის მნახველმა გორან პანდევმა გაიტანა, რომელსაც ზურგს ჩემპიონთა ლიგის და სერია ა-ს ოქროს მედლები უმაგრებს. პანდევმა ჩრდ. მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და ეროვნულ გმირად იქცა. 

 



პანდევი იქით იყოს, ჩვენი ოცნება ოცნებადვე დარჩა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში მინიმუმ 4 წლით გადაიდო. ჩვენს ნაკრებს ჩრდ. მაკედონიასთან გამოცდილება და კლასი არ ეყო, გუნდმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო და გოლის შემდეგ ხომ საერთოდ მოიშალა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი განსაკუთრებით ჩააგდეს, ვერ ვნახეთ გააზრებული შეტევები, შემტევები ინდივიდუალიზმშიც ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ 0:1 და ევროპის ჩემპიონატი გაისად საქართველოს ნაკრების გარეშე გაიმართება. 

ბოლო 2 მატჩზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ნოემბრის თამაშებისას დატოვა გუნდი ვლადიმირ ვაისმა, რომელიც დროებით რამაზ სვანაძემ შეცვალა. ერთი ფაქტია. მძიმე მარცხის შემდეგ ფეხბურთელებში მოტივიაციის და ბრძოლის ჟინის დეფიციტი ჩანდა. როცა ეროვნულ ნაკრების მაისურით თამაშობ, ეს ცოტა გაუგებარია. სპორტსმენი მაშინაა ძლიერი, როცა ასეთი მძიმე მარცხის შემდეგაც კი იპოვის ძალას და მოედანზე მოტივირებული გამოვა. ჩვენმა ბიჭებმა ამ ორ მატჩში ეს სამწუხაროდ ვერ შეძლეს. თანაც მაშინ როცა B ლიგაში დაწინაურების კარგი შანსი გვქონდა.

ნოემბრის თამაშებში რამდენიმე მოთამაშემ თავი კარგად წარმოაჩინა. ბოლო შეხვედებში უდაოდ საუკეთესო იყო ნიკა კვეკვესკირი. გულდასაწყვეტია, რომ ნიკა ტობოლიზე უკეთეს გუნდში არ თამაშობს. გამოჩნდა, რომ საბა ლობჟანიძე მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, კარგი იყო ჯაბა ჯიღაური, რომელმაც მარჯვენა მცველად ითამაშა, აქტიურობდა გიორგი აბურჯანია. მეტს ველოდით ლაშა დვალისგან, რომელიც ცენტრალური მცველი უფროა ვიდრე მარცხენა მცველი, გვილიამ, დავითაშვილმა, კაშიამ და ყაზიაშვილმა აშკარად ჩააგდეს თამაშები, ოქრიაშვილი ჩრდ. მაკედონიასთან ბევრს კი ცდილობდა, მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა რამე, თანაც მას მცირე ტრავმა აწუხებდა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად მწვრთნელის ძიებაშია და აუცილებელია ისეთი სპეციალისტის შერჩევა, რომელიც გუნდში არსებულ რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებს .

წლის აღმოჩენა უდაოდ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ყაზანის რუბინში რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარა. რუბინში ხშირად იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს იღებს და ესე თუ გააგრძელა, შორს არაა ის დრო როცა უკეთეს ჩემპიონატში თუ არა, უკეთეს გუნდში ვიხილავთ.

სათქმელს იმით დავასრულებ რითიც დავიწყე, 2020 წელი საქართველოს ნაკრებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის აშკარად ჩავარდა. სანაკრებო წარუმატებლობამდე ევროტურნირებზე მწარე საკლუბო მარცხებიც ვნახეთ, რომლის შესახებ საუბრითაც თავს არ შეგაწყენთ, არც გვგონია დიდად სასიამოვნო იყოს იმის გახსენება, როგორ მოუგო ფარერების ჩემპიონმა თბილისის დინამოს.