ბოსტონი ჰარდენზე აცრეს

ჯეიმს ჰარდენი ახლოს იყო ბოსტონში გადასვლასთან. ან, არ იყო, მაგრამ ასე ამბობენ.

როგორც კი ჰიუსტონის ლიდერმა გაცვლა მოითხოვა, სელტიქსის წარმომადგენლებმა დაიწყეს ჯეიმსზე აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება. და, ბოსებმა გადაწყვიტეს - სელტიქსი არ დაიწყებს მოლაპარაკებას ჰარდენთან.

ჰიუსტონში სიტუაცია აირია და ამ მინი-ქაოსში დიდი როლი ჰარდენმა ითამაშა. რომელიც უკმაყოფილოა, რომ გაუშვეს მაიკ დ’ანტონი. რომელიც უკმაყოფილოა ახალი მენეჯერების ხედვებით. რომელიც უბრალოდ, დაიღალა ჰიუსტონში და გარემოს გამოცვლას ცდილობს.

ეს არა მხოლოდ ჯეიმსისთვის, ეს იმ, მეორე, ყველაზე დიდი ჯეიმსისთვისაც დამახასიათებელია. მომთაბარე კარიერა მოდაშია. როგორც - დემნა გვასალიას ზედები.

ინსაიდერი სტივ ბალპეთი წერს, რომ ჰარდენის მხარე არ იყო ბოსტონის წინააღმდეგი. ისინი არ აქტიურობდნენ, მაგრამ ბოსტონისგან რეალური წინადადება რომ წამოსულიყო, ჯეიმსი დაიწყებდა მოლაპარაკებას.

უბრალოდ, ბოლო მომენტში ბოსებმა თქვეს - არა. და, ჰარდენის თემაც დაიმარხა.

სელტიქსი სხვა გარჩევებში არის ჩართული.

 

*****

 

Sport Illustrated-ის მესვეტე კრის მენიქსი ამბობს, რომ მსუბუქი ფორვარდი გორდონ ჰიუვორდი აუცილებლად დატოვებს ბოსტონს. ეს უკვე გადაწყვეტილია.

ჰიუვორდი თავისუფალი აგენტი გახდა. მოთამაშემ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის სათავისო ოფცია გამოიყენა. და, გორდონის მხარეს უკვე დაუკავშირდა...

როგორ გგონიათ, ვინ?

ნიუ იორკი.

რომელიც არ აპირებს რამდენიმე ვეტერანთან ხელშეკრულების გაგრძელებას და დაზოგილი მილიონებით ახალ მოთამაშეებს კერავს. მათ შორის, ერთ-ერთია ჰიუვორდი.

ტრავმის შემდეგ გორდონმა თითქოს, დაკარგა სისწრაფე, მაგრამ ბოლო რეგულარულში ბიჭმა აკრიფა და საშუალოდ 17.5 ქულა და კარიერაში საუკეთესო 6.7 მოხსნა და 4.1 პასი (კიდევ ერთი პირადი რეკორდი) დასვა.

გორდონი ძალიან კარგი მეორე ან მესამე შემტევი ოფციაა და ნიუ იორკი არ წააგებს.

პროცესში, დიდი ვაშლის გუნდი რასელ უესთბრუქსაც ეჩალიჩება.

საინტერესო იქნება.