ლეიკერსი უკვე ჩემპიონია

და, კლიპერსმა სერიოზული ძალა დაკარგა.

არა, კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი ჯერ კლიპერსში არიან. მაგრამ გუნდმა ვერ შეინარჩუნა ლიგის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე.

მონტრეზლ ჰარელი ლეიკერსში გადავა. ამ დღეებში ფორვარდი კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. და, ამ პერიოდში 19 მილიონს მიიღებს.

ერთ დღეში ბევრი შეიცვალა.

 

*****

 

ლეიკერსმა არ შეინარჩუნა ცენტრი დუაიტ ჰოჰვარდი, რომელიც ფილადელფიაში წავიდა.

კლიპერსმა არ გაუკეთა ახალი წინადადება ჰარელს, თუმცა მოთამაშის აგენტი დარწმუნებული იყო, რომ ეს უნდა მომხდარიყო. კლიპერსს ჰარელის იმედი ჰქონდა და დიდი ალბათობით, სამწლიანი კონტრაქტი უნდა შეეთავაზებინა. 39 მილიონიც. კარგი კუშია.

და, ჰარელმა კონტრსვლა გააკეთა. ჰარელი გადადის უარესი კონტრაქტით ლეიკერსში, სადაც მას ნაკლები დრო და ოდნავ შეცვლილი როლი ექნება. იქ ბიჭი ენტონი დევისის დუბლიორი უნდა გახდეს.

ჰარელს შარშან საოცარი სეზონი ჰქონდა. საშუალოდ - 18.6 ქულა, 7.1 მოხსნა, დომინაცია რეგულარულში. ფლეი ოფის დაწყებამდე მონტრეზლს ბებია გარდაეცვალა, მოთამაშე მოუმზადებელი დაბრუნდა ბანაკში და ჩააგდო სერია დენვერთან.

უნდა შეინარჩუნოთ, ამ შემადგენლობით სხვა ვარიანტი არ რჩება.

ჰარელის აგენტი რიჩ პოლიც დიდ კუშს მოხსნის. ნუ, ის ყოველთვის დიდ კუშს ხსნის.

 

*****

 

ლეიკერსმა მსროლელი უესლი მეთიუზი აიყვანა. გამოცდილი უესი შარშან მილუოკიში იყო და საშუალოდ 7.4 ქულას, 2.5 მოხსნას და 1.4 პასს იღებდა. ალბათ, დაახლოებით ამ სტატისტიკაზე გავა ახალ გუნდშიც.

ლეიკერსის გენერალური მენეჯერი რობ პელინკა სერიოზულად მუშაობს.

მეჯიქ ჯონსონი: ჰარელის, დენის შრიოდერის და მეთიუზის დამატებით ლეიკერსი უფრო ახალგაზრდა, უფრო ნიჭიერი და უფრო მოტივირებული იქნება. ეს გუნდი შარშანდელ, საჩემპიონო ვერსიაზე სოლიდურია. მე ვთამაშობდი შოუთაიმის ლეიკერსში მეთიუზის მამასთან ერთად და ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილიც ლეიკერსის ოჯახის წევრი გახდა. მჯერა, რომ ჩვენ ტიტულს შევინარჩუნებთ.

კლიპერსი შოკირებულია. კლიპერსის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ გუნდს მონტრეზლის იმედი ჰქონდა. და, გუნდი მძიმე კაცის გარეშე დარჩა.

 

*****

 

ლეიკერსი კიდევ ორ მოთამაშეზე დაიძრა.

მარკ გასოლი - ესპანელი ბოლო (არასრული) ორი სეზონი ტორონტოში იყო. ესპანელი გახდა ჩემპიონი. და, ესპანელი მაგრად ჩაჯდება ლეიკერსში.

ჯეი კრაუდერი - 30 წლის ფორვარდის დამატება კლიპერსსაც სურს, მაგრამ ამ რბოლაში ფავორიტი მაინც ლებრონის გუნდია.  

კრაუდერი შარშან მაიამიში იდგა და მაგარდ იდგა. კრაუდერი 11.9 ქულაზე, 5.4 მოხსნაზე, 1.8 პასზე და 1.3 ჩაჭრაზე გავიდა. სოლიდური სტატისტიკა.

ჯე არ აპირებს მაიამიში დარჩენას.

და, ჯეიც კალიფორნიაში უნდა ჩავიდეს.

ეს გარდაუვალია.

ლეიკერსი უკვე ჩემპიონია.