სტადიონი ახალი, კამათი - ძველი

ბათუმის დინამოს სტადიონი გაიხსნა. პირველ მატჩს ბევრი გულშემატკივარიც მოუხდებოდა, მაგრამ რეალობას შევეგუეთ - კორონავირუსია. ბათუმელი ფანების მცირერიცხოვანი ჯგუფი დაესწრო შეხვედრას, რომელიც მათმა საყვარელმა გუნდმა 1:0 მოიგო. მეტოქეც იოლად წასაქცევი არ ჰყავდა: მესამე ადგილზე მყოფი გორის დილა.

 

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუაში გავიდა. ვაგნერის ჩაწოდებულს გიორგი ნიქაბაძემ მიაყოლა თავური და ამ სტადიონზე პირველი ბურთის ავტორიც გახდა. შეეძლო, ეს ისტორიული გოლი ჯაბა ჯიღაურს გაეტანა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა: მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა აუღო. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ კიჭი მელიავას ჩაწოდებული ბურთი გიორგი ლაცაბიძეს ხელზე მოხვდა.

 

საკამათო მომენტები საკმაოდ იყო და დილას ფეხბურთელები უკმაყოფილოები იყვნენ დავით ხარიტონაშვილის მსაჯობით. მეორე ნახევარში პენალტს ითხოვდნენ ალეფ სანტოსის წაქცევისთვის, ოღონდ კარგად არ ჩანდა, გიორგი ნავალოვსკიმ წააქცია თუ არა. თითქოს ისეც ჩანს, რომ სანტოსი ჭკვიანურად, განზრახ მიდის ნავალოვსკის ფეხზე. და მაინც, პენალტი შეიძლებოდა დანიშნულიყო.

 

ამასთან, ბოლო წამებზე დილამ გოლი შეაგდო, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ეს ვიდეოფირზე უკეთ გამოჩნდება.

 

თამაშს, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, არა უშავდა. აი, მინდვრის საფარი უკეთესის სურვილს ტოვებდა.

 

ბათუმის დინამო მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება თბილისის დინამოს, რომელსაც უკეთესი კალენდარი დარჩა და პლუს, ერთი ფრის უფლებაც აქვს. დილა კი ევროტურნირებზე გასასვლელად ანუ მესამე ადგილისთვის იბრძვის.

 

დინამო (ბათუმი) - დილა (გორი) 1:0

 

გოლი: ნიქაბაძე (68)

 

გაძევება: ტეიდი (76, დინამო ბათუმი)