რონდოს დიდი კუში

ატლანტა მაგარი ბავშვების გუნდია. ატლანტა ლიგის მომავალია. და, ატლანტაში სოლირებენ ტრე იანგი (შარშან 29.6 ქულა, 9.3 პასი) და ჯონ კოლინზი (21.1 ქულა, 10.6 მოხსნა). ლიგის ყველაზე მოქნილი და ახალგაზრდა წყვილი.

და, ბავშვებს აკლდათ გამოცდილება, რომ ჰოქსი საფლეიოფოდ აზრზე მოეყვანათ.

ჰოქსმა ეს გამოცდილება რამდენიმე საათში მიიღო.

ჩამოვყაროთ.

ატლანტამ დაიკონტრაქტა გამთამაშებელი კრის დანი, რომელიც ჩიკაგოში უმუღამოდ ყომარობდა და მხოლოდ 7.3 ქულაზე, 3.4 პასზე და იმედგაცრუებაზე იჯდა. ატლანტაში ბიჭი 2 წლით და 10 მილიონად ითამაშებს. 26 წლის დანი გუნდს ბევრს მისცემს.

ეს უფრო პერსპექტივაა და გავიაროთ გამოცდილება.

დანილო გალინარი. ფორვარდი ცუდი მუხლებით, სუსტი თითებით და დიდი გამოცდილებით.

გალინარი თავისუფალი აგენტი გახდა და ატლანტაში სამი წლით ჩამოჯდება. და, ამ პერიოდში 61.5 მილიონს მიიღებს. კარგი პირობებია. მართლა ძალიან კარგი.

გალინარი დომინირებს შეტევაში და სუსტია დაცვაში. და, ატლანტას პატარები იტალიელ განგსტერს დაუჯერებენ. გალინარი ძალიან კარგი მოთამაშეა. ყველა დროის საუკეთესო იტალიელი.

ულაპარაკოდ.

დანილო ოკლაჰომაში პოლ ჯორჯის გაცვლის შედეგად აღმოჩნდა. და, გალინარიმ გუნდს 18.7 ქულა, 5.2 მოხსნა დაუტოვა. სოლიდურია. გამოცდილება დიდი დოზით.

ბოგდან ბოგდანოვიჩი სერიოზული მსროლელია. ელიტ-მსროლელი. რომელიც საკრამენტოში არ დარჩა და ახალ გუნდთან ერთად ბედნიერი იქნება. აქვს მიზეზი. ახალმა გუნდმა მას 4 სეზონში 72 მილიონი დოლარი უნდა მისცეს.

საინტერესოა.

 

*****

 

და, ის გამოცდილება, რომელიც მთელ ამ ჭრელ ბანდას შეკრავს.

რაჟონ რონდო.

ჩემპიონი ბოსტონში. 2008 რონდოს სეზონი იყო.

ჩემპიონი ლეიკერსში. რამდენიმე მატჩი რონდომ პერსონალურად წამოიღო. 34 წლის გამთამაშებელი ატლანტას 2 სეზონით მოელაპარაკა. და, ვეტერანი 15 მილიონ დოლარს დააგემოვნებს.

რონდო ჯერ მაგრად დგას. რონდო ძალიან ჭკვიანი და მთქმელი პირველი ნომერია. და, ატლანტა აუცილებლად შევა ფლეი ოფში.