ჩიხურა პლეი-აუტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ჩემპიონატის აუტსაიდერთა მატჩი გაიმართა. ჩიხურა მერანს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მოგეხსენებათ საშინაო შეხვედრებს ორივე გუნდი სწორედ ამ სტადიონზე ატარებს და სტუმარ-მასპინძლის სტატუსიც დღეს ნომინალური იყო. 

 

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. მეოთხე წუთზე მერანმა კუთხური გაითამაშა, გეწაძის ჩაწოდების შემდეგ, ბოლქვაძემ თავით შეაგდო და მასპინძლები დააწინაურა. 

 

ამის შემდეგ ორივე გუნდი აქტიურობდა, მათთვის ყოველი ქულა უმნიშვნელოვანესია და ცხადია დადებით შედეგად მხოლოდ მოგება ჩაითვლებოდა. 

 

მეორე ტაიმში ჩიხურამ მოუმატა, რამაც შედეგი გამოიღო. 56-ე წუთზე წიქარიძე მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შევიდა და კარგ პოზიციაში მყოფ ბუხაიძეს გაუკეთა პასი, რომელმაც მშვენივრად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. 

 

69-ე წუთზე წიქარიძემ თავად შეაგდო. მეტოქის საჯარიმოში მცველთა ყურადღება ჯავაშვილმა მიიქცია, რომელმაც ქუსლით წიქარიძეს უპასა და საჩხერელთა შემტევმა მოხდენილი დარტყმით ბურთი თევდორაძის კარში გადაგზავნა. 

 

ბოლო წუთებში მერანი გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ბეგაშვილმა ჯერ ფიფიას შესანიშნავად შესრულებული ჯარიმა მოიგერია, შემდეგ კი ახლო მანძილიდან გოგოლაშვილს და შენგელიძეს არ გაატანინა. ბეგაშვილი დღევანდელ მატჩში მართლაც გამორჩეული იყო, მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ჩიხურას გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 

 

ჩიხურამ ამ სეზონში 2 მატჩი მოიგო და ორივე მერანთან. საჩხერელები 9 ქულით მეცხრე ადგილზე არიან, მერანი კი 6 ქულით ბოლოზეა.