SOS სოსიედადი!

სოსიედადმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ესპანურ ლა ლიგას ლიდერობს. ამჯერად კადისს გასვლაზე 1:0 აჯობეს ალექსანდრ ისაკის გოლით. 21 წლის ისაკი ერითრიელი ფორვარდია, შვედეთის მოქალაქე...

 

ექვსი თამაში ზედიზედ - და ეს იმ დროს, როცა ბარსელონა მეათე ადგილზეა და რეალიც ვერაა მაინცდამაინც ფორმაში.

 

ამ საუკუნეში ბასკურმა კლუბმა ერთხელ უკვე მოახერხა ყველას გაოცება, როცა ლამის მთელი  სეზონის განმავლობაში ლიდერობდა ლა ლიგას და ბოლოსღა გაუშვა რეალი წინ. მაშინ სოსიედადს ჰყავდა კოვაჩევიჩი, ნიჰათი, დე პაულა და რაც მთავარია, ჩაბი ალონსო. ასე იცის ამ გუნდმა შემოპარვა და ხდება SOS!

 

დღევანდელი სოსიედადის აღმავლობას ბევრი უკავშირებს დავიდ სილვას ტრანსფერს. ყველას გაუკვირდა, ამხელა ფეხბურთელი ბასკურ გუნდში რომ გადავიდა. საოცარი პროგრესი აქვს კაპიტან მიკელ ოიარსაბალს და ესპანეთის ნაკრების ძირითადსაც გაუშინაურდა - 10 ტურში უკვე 6 გოლი გაიტანა. მაგარ ფორმაში არიან მიკელ მერინო და ადნან იანუზაი... დაცვის ლიდერი კი ცნობილი ნაჩო მონრეალია.

 

და აღნიშნავენ მწვრთნელის მუშაობას - იმანოლ ალგუასილი სულ სოსიედადის სტრუქტურაში მუშაობდა, ხან 19-წლამდელებში, ხან დუბლებში და ორი წლის წინ მთავარი გუნდი ჩააბარეს. იქიდან მოყოლებული, სულ პროგრესია. გუნდი ევროპა ლიგაზე გავიდა, აი, ახლა კი უმაგრეს სეზონს ატარებს.

 

ხარისხიც მშვენიერია და ყარაულის თოფის გავარდნას არ ჰგავს ეს ყველაფერი.  

 

შემოპარვაზე დავწერეთ და სოსიედადი 1981 და 1982 წლებში, ზედიზედ ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ეს ფურორი იყო.