ლეიკერსმა გასოლიც გაშანსა

და, მეჯიქ ჯონსონმა რომ დაბრუნება გადაწყვიტოს, ეს გუნდი მაინც ჩემპიონი გახდება. ეს გუნდი არარეალურად მოქნილი და ღრმა არის. და, ლებრონ ჯეიმსი ფლეი ოფისთვის უფრო დასვენებული და დაუნდობელი იქნება.

ლეიკერსმა მარკ გასოლი დაიკონტრაქტა.

ორი წლით. მხოლოდ 2.6 მილიონი დოლარით, მაგრამ ეს საჩემპიონო მეგობრობაა. მარკს უკეთესი პირობების მიღება ტორონტოშიც შეეძლო, მაგრამ იქ საჩემპიონო ფანჯარა დაიხურა. აქ, ესპანელს მეორე ჯეკპოტის მოხსნის შანსი აქვს. რეალური, მკვლელი შანსი.

გასოლი დღესაც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

და, გასოლი ლეიკერსს ორ პოზიციას დაუხურავს. დაცვით. მარკს შეუძლია დადგეს მეხუთეზე და აქ ესპანელი მეტ არეალს დაფარავს. და, მარკს შეუძლია ავიდეს მეოთხეზეც. ლებრონთან და ენტონი დევისთან ეს მშვიდი როქი იქნება. კი, ჯეიმსი დაცვაში თითქმის არ იღლება, მაგრამ მარკთან ერთად ბიჭები გამოცდილებით დააზღვევენ ერთმანეთს.

გასოლი (35 წლის, 211) ძალიან კარგი თანაგუნდელია. ყოველთვის იყო. გუნდში, ნაკრებში. ყველგან. მარკი ვარსკვლავებს მეტ სივრცეს უხსნის. შეიძლება, დღეს ესპანელს აქვს დაკარგული რამდენიმე ნაბიჯი და სწრაფ მეოთხე ნომრებზეც ბოლომდე ვერ გაქაჩავს, მაგრამ ის მაინც გკლავს. ჰკითხეთ ნიკოლა ვუჩევიჩს, ვინ არის ერთადერთი დამცველი, რომელიც მას სისხლისგან, ენერგიისგან ცლის?

ნიკოლას პასუხი იქნება - მარკი.

 

*****

 

გასოლისთვის ადგილის,  რესურსების მისაცემად ლეიკერსმა მადლობით გაუშვა ჯავეილ მაკგი, რომელიც კლივლენდში იხმაურებს. ჯავეილმა მაქსიმუმი გაიღო და მაქსიმუმი მიიღო.

გასოლი ბრუნდება იქ, სადაც მისი კარიერა უნდა გახსნილიყო. ესპანელი 2007 წლის დრაფტზე (48) ლეიკერსმა აირჩია.

მარკს სოლიდური კარიერა აქვს.

რეგულარულის 839 მატჩში გასოლი საშუალოდ 14.6 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.4 პასს და 1.4 დაფარებას აგროვებს.

მარკი გახდა სეზონის საუკეთესო დამცველი. მარკმა და ზაკ რენდოლფმა მემფისს რამდენიმე წლით რესპექტაბელური პერიოდი აჩუქეს. და, მარკი კავაი ლეონარდთან ერთად ტორონტოში ჩემპიონია.

მარკს ჩემპიონობის იდეალური შანსი კალიფორნიაშიც ექნება. ეს ხომ უკვე ვთქვით...

ველოდებით რეგულარულის დაწყებას. ლეიკერსი ყველაზე მკვლელი იქნება.

ლებრონმა კიდევ ერთი საჩემპიონო აკომპანიატორი მიიღო.

გადავცეთ წლის საუკეთესო მენეჯერის პრიზი პელინკას? არა, ლებრონს!