კლიპერსმა იდეალური სადისტი აიყვანა

მონტრეზლ ჰარელმა კლიპერსი გადააგდო და ლეიკერსში გაიქცა. ნაკლებ კუშზე, ალბათ, ერთი წლის შემდეგ სხვა გუნდისგან მაქსიმუმს მიიღებს და ჰარელის გვესმის.

ჯამაიკლ გრინი დენვერშია. ალბათ, იკაიფებს ნიკოლა იოკიჩით. ალბათ, იოკიჩი ვერ იკაიფებს გრინით და ეს თემა ყველას დაავიწყდება.

უბრალოდ, ჰარელიც და გრინიც კლიპერსის მაღლები იყვნენ და ორი კაცის მოტეხვით კლიპერსმა დაკარგა სიღრმე. ისედაც მკვდარი გუნდი სიმაღლის და აგრესიის გარეშე დარჩა. ივიცა ზუბაცით ჩემპიონობაზე ვერ გაიქაჩები.

და, კლიპერსმა ყველაზე მაგარი კონტრსვლა გლიჯა.

სერჟ იბაკა!

რომელსაც ეჩალიჩებოდა კევინ დიურანტი. რომელსაც ემესიჯებოდა ლებრონი. რომელსაც კერავდა პატ რაილი. და, სერჟი გადავიდა იქ, სადაც უნდა გადასულიყო. ლიგაში ძალების გადანაწილების მხრივ, ეს ყველასთვის კარგი სვლა იყო.

ორი წლით. 19 მილიონით. ნორმალური პირობები ვეტერანისთვის (31), რომელსაც სტატისტიკურად (15.4 ქულა, 8.2 მოხსნა, 1.4 პასი) კარიერაში გამორჩეული, მთქმელი სეზონი ჰქონდა. მინუსია, რომ დაფარებებში ის პირველად (კარიერაში) ჩამოვიდა ერთზე ქვემოდთ (0.8), მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. სერჟი სხვა, უფრო მრავალმხრივი ტიპი გახდა.

და, სერჟმა უკეთ დაამუღამა გარედან სროლა. სამიანების 38.5 % თემაა. კლიპერსისთვის ძალიან კარგი თემა. კლიპერსში სერჟის სამიანები საჭირო იქნება.

 

*****

 

დენვერმა გრინს უფრო მეტი გადაუხადა, ვიდრე - კლიპერსმა სერჟს. და, არ შეადაროთ ბიჭების ნიჭი, პოტენციალი და სავარაუდო კონტრიბუცია. კლიპერსმა სეზონის საუკეთესო სვლა გააკეთა. იბაკა ამ ფასად? სერიოზულია.

სერჟს შეუძლია დადგეს ცენტრზე და მარკუს მორისი ავა მეოთხეზე. სერჟს შეუძლია ჩამოიწიოს მეოთხეზე და ზუბაცი დადგება ცენტრზე. იბაკა გუნდს კიდევ ერთ ალესილ დამცველს აძლევს. რომელიც დაგაზღვევს და რომელიც დაეხმარება შეტევაში კავაის და პოლ ჯორჯს.

ფლეი ოფში, თუ კლიპერსი დაეჯახება დენვერს ან ლეიკერსს, სერჟი ნიკოლა იოკიჩის ან ენტონი დევისის პერსონალური დამცველი იქნება.

სერჟი მეგობრობს კავაისთან. ბიჭები ტორონტოში პერიოდის დროს დაახლოვდნენ. სერჟმა მიიღო ეს გამოწვევა და ლეიკერსის აისბერგის გაჩერებას, დამტვრევას ეცდება. რთულია. შეიძლება, კლიპერსის კრეისერიც დაიძიროს და სერჟი ნამტვრევებში მოხვდეს.

მაგრამ რისკი ღირს გარისკვად. იბაკამ ეს იცის.

კალიფორნიაში დგას ერთი კლდე, რომელიც დღეს ჩემპიონია.

და, სერჟის დამატებით კლიპერსი მიუახლოვდა უკვდავებას, რომელსაც ჯერ ლებრონი აწერია. სერიოზული ჩეხვები გვექნება.

ლოს ანჯელესი კიდევ ერთხელ უნდა აალდეს.