ტოჩინოშინმა ბაშო შეწყვიტა

ლევან გორგაძე კადობანში ჩადგება

ტოკიოში დაწყებული ჰაცუ ბაშო მისი შარშანდელი გამარჯვებულის გარეშე გაგრძელდება. ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ტურნირიდან მოეხსნა და ალბათ ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო.

 

როგორც არაერთხელ ვთქვით, ქართველი სუმოისტი წლის პირველ ბაშოს ტრავმირებული შეხვდა. უფრო სწორად, ტოჩინოშინმა ბარძაყის კუნთი ზედ ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიზიანა და ბაშოზე მისი გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლევან გორგაძემ კონსულტაციების შემდეგ მაინც გადაწყვიტა დოჰიოზე გასულიყო, თუმცა როგორც გამოჩნდა ეს შეცდომა იყო. ტოჩინოშინი საკუთარ თავს არ ჰგავდა და ზედიზედ 4 ბრძოლა წააგო.

 

ლევანი მტკივან ფეხზე საერთოდ ვერ ახერხებდა  დაყრდნობას. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი გამოსავალი იყო. ქართველი ოძეკი ტრავმირებული ფეხის მკურნალობას დაიწყებს და იმედია მომდევნო ბაშომდე ძალებს სრულად მოიკრებს.

 

სუმოს წესების თანახმად, ლევან გორგაძე კადობანში ჩადგება და მომდევნო ბაშოზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს.