დიდი კაცი

 

 

 

 

 

 

 

ჰოდა, რახან მწვრთნელებზე ვლაპარაკობთ და იმათ მნიშვნელობას ვგრძნობთ, მოდი ბრანკო ზებეციც გავიხსენოთ. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ამ კაცს საფეხბურთო საიტებიც იხსენებენ, ჩვენ კი ის ისეც გვახსოვს, რადგან სწორედ ეს ხორვატი კაცი იყო იმ ჰამბურგის მწვრთნელი, რომელმაც დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეს, შვიდ ნოემბერს, უნახავად გადაჭედილი დინამოზე, სადაც თამაშის მსვლელობისას ერთი გულშემატკივარი ინფარქტით გარდაიცვალა, დაამარცხა ჩვენი თბილისის დინამო და ჰამბურგთან ერთად ჩემპიონთა თასისთვის გააგრძელა ბრძოლა, იქ კი მხოლოდ ფინალში დამარცხდა ბრაიან კლაფის ნოტიგნემ ფორესტთან ერთგოლიან თამაშში.

მაშინ ჩაითვალა, რომ ნოტინგემი დაცვით, უხიფათო, მოსაწყენ. იტალიურ ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო ჰამბურგის შემტევმა  სტილმა, რომელსაც წინამძღოლობდა იმ დროის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ კიგანი, ინგლისელებს ვერ აჯობა.

თბილისის დინამო ამის განზე ადრევე დარჩა: საბჭოთა დროში პირველად და უკანასკნელად თამაშობდა ჩემპიონთა თასისთვის და პირველ წრეში ლივერპული გააგდო და მეორეში შეხვდა ჰამბურგი. ბედი არ გინდა?

 

ჰამბურგში დავით ყიფიანმა კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ ის ამბავი ჩვენთვის ამ გოლით მორჩა. 1-3 წავაგეთ.

 

 

თბილისში, დასაწყისშივე გაიტანა გუცაევმა, მაგრამ იმათ მალევე დაალაგეს თამაში, კლასიც ზედ მიადეს და ტაიმის მიწურულს ყიფიანმა ისევ კი გაიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ 2-2 იყო, ხოლო მეორე ტაიმში ჰამბურგელებმა კიდევ ერთი შეაგდეს და ასე მორჩა, აქაც წავაგეთ. ჩემი მოკლე ჭკუით, დინამოს სტადიონზე არასდროს უთამაშია ჰამბურგზე უფრო ძლიერ საკლუბო გუნდს. ძაან შთამბეჭდავი იყო. რო ხედავ, რო ვერ გაწვდები, ასეთი კარგი ფეხბურთელების მიუხედავად. ასეთი რამ, ჩემი მახსოვრობის დინამოსთვის სულ ორჯერ იყო: ჰამბურგთან და ლიეჟის სტანდარტთან. საბჭოთა რწმენის გულშემატკივრისთვის, უბედურება. მაგრამ რას იზამ. ისინი სადღაც იყვნენ, პროფესიულად და ტაქტიკითაც. ჩვენი ტაქტიკა ყოველთვის მოიკოჭლებდა, ასეთებთან კი ეს კოჭლობა ჩანდა. დინამოს სტადიონის გულშემატკივართა განუწყვეტელი შეძახილი იყო: „გაიხსენი“. . .“ხოდზე მიე...“ ხალხს ესმოდა, როგორი ფეხბურთი იყო საჭირო. მგონი, ფეხბურთელების უმრავლესობასაც. საქმე მწვრთნელებში უფრო იყო. მოკლედ, რაც იყო:

ჰოდა, იმ ჰამბურგის მწვრთნელი იყო ბრანკო ზებეცი. ადრე დიდი ხორვატი ფეხბურთელი,ხორვატთათვის დაახლოებით იმგვარი, როგორიც ჩვენთვის სლავა მეტრეველი.

დიდებულ ფეხბურთელობას რომ მორჩა მწვრთნელობა დაიწყო და იმ დროის იუგოსლავიასა და დასავლეთ გერმანიაში მწვრთნელობოდა. დასავლეთ გერმანია ძველი დროის ენაზე, თავისუფალ გერმანიას ნიშნავდა.აღმოსავლეთ გერმანია, ანუ გედეერი, საბჭოთა გერმანიას.

კომუნისტური იუგოლსლავია, იმ დროის ესესერისგან განსხვავებით. დასავლურ ქვეყნებში უშვებდა რაღაც ასაკმიღწეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ხომ საერთოდ. ჩვენს საბჭოეთში მწვრთნელებს მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში უშვებდნენ, აფრიკაში და რამე, ფეხბურთელთაგან კი ერთადერთი იყო, ქალაქ სტალინსკელი, მერე ლენინგრადელი ზინჩენკო, რომელიც ორი წლით გაუშვეს ვენის რაპიდში, რადგან ეს გუნდი მუშათა კლასის კლუბად ითვლებოდა და ავსტრიის კომპარტიას უყვარდა.

 

Branko Zebec: Bi kịch của thiên tài kiến tạo nền móng Bayern

 

მოკლედ. ბრანკო მწვრთნელი იყო და თუმცა კი იშვიათად გაჩერებულა კლუბში ორ წელიწადზე მეტ ხანს, მაინც კვალს ტოვებდა. მიუნხენის ბაიერნის საერთაშორისო სახელის მესაძირკვლედ ის ითვლება. ბავარიელებს მან მოაგებინა ლიგა და სწორედ მის შემდეგ დაიწყო ის რომ ბაიერნი ჩემპიონთა თასებს აგროვებდა,  ბრანკოსგან მოქოქილი ბეკენბაუერით და სხვებით. მაგრამ ზებეცი იქ აღარ იყო, თუმცა, გერმანიაში მაგარ გუნდებს წვრთნიდა. კი არა, წვრთნიდა, აკეთებდა.

ჰამბურგამდებრაუნშვაიგის აინტრახტში იყო. ეს კლუბი დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ მაშინ ერთი დიდი ვინმე იყო. გედეერიდან ფეხბურთელი ლუც აიგენდორფი გამოიქცა, მანდ მივიდა და მერე შტაზიმ, გედეერის კაგებემ მოკლა, ვითარცა კომუნიზიმის მოღალატე, მოწყბილი ავტოავარიით.

თუმცა, ბრანკოს ეგ არ ეხებოდა. მერე ჰამბურგში წავიდა და ძალიან სწრაფად გააკეთა ევროპის თასების თასის მომგებიდან ბუნდესლიგის ჩემპიონი, თუმცა აკრიტიკებდნენ, როგორც ფეხბურთელების მქანცავ მწვრთნელს. გვტანჯავსო, ბევრს გვავარჯიშებსო.ამის ბრალია, რომ ნოტინგემთან ჩემპიონთა თასის ფინალამდე ოთხი დღით ადრე ბუნდესლიგის გადამწყვეტი თამაში წავაგეთ და ჩემპიონობაც დავკარგეთო.

გაუშვეს.

 

Branko Zebec - Saufen gegen den Schmerz. Bis zum bitteren Ende - LigaLIVE

 

მის მაგივრად მალევე მოვიდა ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი, ფეხბურთის სხვა დიადი ადამიანი, რომელმაც ჰამბურგს ორჯერ ზედიზედ მოაგებინა ბუნდესლიგა და ჩემპიონთა თასიც აართვა იუვენტუსს ფელიქს მაგათის გოლით. ბრანკომ კი კლაფთან წააგო, როცა კიგანი ჰყავდა და ეს დრამატული მარცხი იყო, მაგრამ იმ ორ წელიწადს საოცარი გუნდი ჰყავდა: მაგათი, მანფრედ კალტცი, ჰორსტ ჰრუბერში, კიგანი, კასპარ მემრინგი (ჩვენთან არ უთამაშია, მაგრამ საკულტო ფეხბურთელი იყო) და რბილი და ჭკვიანი ამერიკელ- გერმანელი ჯიმი ჰარტვიგი. სხვებიც.

ევროპული ტიტული ვერ მოიგო, თან მისი სამწვრთნელო ხერხები და ქცევა გაზეთებში გალანძღეს და წავიდა მერე დორტმუნდში.

საინტერესოა, ბიელსას მეთოდებზე რას იტყოდნენ მაშინ. ნამეტანი დისციპლინის მომხრეა ზებეციო. თუმცა, ზებეცი ჰამბურგიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ლოთი იყო. ის მთელი სამწვრთნელო ცხოვრების განმავლობაში უღმერთოდ სვამდა და ვინ იცის, ეგებ თბილისშიც მთვრალი იყო. ალბათ მათარა ყოველთვის უბეში ედო.

ახალგაზრდობაშივე ზურგსუკან ფერნეტ ბრანკას ეძახდნენ, იტალიური ბიტერის, მწარე ალკოჰოლური სასმელის სახელის მიხედვით, ბრანკა და ბრანკო გავდა ერთმანეთს.

მაგრამ ჰა, ითამაშა, ნაკრების კაპიტანი იყო, მერე იმწვრთნელა და სვა. ერთხელ, ჰამბურგის ფეხბურთელებს შესვენებაზე უთხრა, არაუშავს, შემდეგ თამაშს მოვიგებთო. ერთხელ დორტმუნდის თამაშზე, სტადიონზე ჩაეძინა. სახელი იმან დაუგდო, რომ კლუბის ავტობუსს ვერ გაყვა, მანქანით დაედვანა და პოლიციამ რომ გააჩერა, მანქანა მიუგდო და ტაქსით წავიდა გასვლით თამაშზე სხვა ქალაქში.

 

Tragisches Trainerschicksal: Branko Zebec (Seite 2)| NDR.de - Sport -  legenden