ჩემპიონთა ლიგა - ერთი ნაბიჯი პლეი-ოფამდე

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის 8 მატჩი გაიმართება. ზოგი გუნდი პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, ზოგიც 1/8 ფინალის საგზურს გაინაღდებს. ასევე დიდი ბრძოლა მიდის ევროპა ლიგის საგზურისთვის.

A ჯგუფი

მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის ბაიერნი 9 ქულით პირველ ადგილზეა და ზალცბურგს უმასპინძლებს. ავსტრიელები 1 ქულით ბოლოზე არიან და ევროპა ლიგაზე მოხვედრის მცირე შანსი აქვთ. დიდი ალბათობით მიუნხენელები 3 ქულას ჩაიწერენ და პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებენ. ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრა ბაიერნის სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.

ამავე ჯგუფში ატლეტიკო მოსკოვის ლოკომოტივს მიიღებს. როხიბლანკო მოგების შემთხვევაში 1/8 ფინალის საგზურს ძალიან მიუახლოვდება. სიმეონეს შეგირდები 4 ქულით მეორეზე არიან, მოსკოველები კი 2 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ. წინა ტურში მატჩი 1:1 დასრულდა.

B ჯგუფი

ყველაზე დაძაბული სიტუაცია სწორედ B ჯგუფშია, სადაც ცხრილის მოულოდნელი ლიდერი გლადბახი შახტარს მიიღებს. ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრა გერმანელთა სასარგებლოდ 6:0 დასრულდა და სწორედ ამიტომ უპირატესობა დღესაც გერმანელებს ენიჭებათ. გლადბახი 5 ქულით პირველზეა, შახტარს კი 4 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს. აღნიშნულ მატჩს ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოტოვებს.

დღის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართება, სადაც ინტერი, რომელსაც 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მე-3 ადგილზე მყოფ 4 ქულიან რეალს მიიღებს. წინა მატჩი ესპანეთში რეალის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. მადრიდელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ, გუნდს კაზემირო, ბენზემა და რამოსი ვერ დაეხმარებიან.

C ჯგუფი

9 ქულიანი სიტი პირველ ადგილზეა და პლეი-ოფამდე 1 ნაბიჯი აშორებს, ქალაქელები 3 ქულით მესამე ადგილზე მყოფ ოლიმპიაკოსს ესტუმრებიან. სიტი მოგების შემთხვევაში პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს, ბერძნები კი 3 ქულის აღების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს საგრძნობლად გაიზრდიან. მათი წინა მატჩი სიტის სასარგებლოდ 3:0 დასრულდა

მეორე შეხვედრაში უქულო და შესაბამისად ბოლო ადგილზე მყოფი მარსელი 6 ქულით მეორე ადგილოსან პორტუს დაუხვდება. ფრანგებს ევროპა ლიგაზე გასვლის მცირე შანსი აქვთ, პორტუ კი პლეი-ოფისთვის იბრძვის. ამ გუნდების წინა დაპირისპირება პორტუს სასარგებლოდ 3:0 დამთავრდა. 

D ჯგუფი

2 გამორჩეულად შემტევი გუნდის დაპირისპირება გაიმართება ენფილდზე, სადაც ლივერპული საკადრო პრობლემების ფონზე ატალანტას უმასპინძლებს. მერსისაიდელებს ვან დეიკი, არნოლდი, გომესი და ჰენდერსონი ვერ დაეხმარებიან. კლოპის შეგირდებს 9 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე არიან და პლეი-ოფამდე ცოტა აშორებთ, ბერგამოელები კი 4 ქულით მესამეზე არიან და 1/8 ფინალში გასვლისთვის იბრძვიან. ამ გუნდების წინა შეხვედრა ლივერპულის სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. 

ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდებში გაიმართება, სადაც აიაქსი მიდტიულანდს უმასპინძლებს. ამსტერდამელებს 4 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე არიან და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს, დანიელები კი უქულოდ ბოლოზე არიან და ევროპა ლიგაზე გასვლის მცირე შანსს ებღაუჭებიან. მათი წინა დაპირისპირება დანიაში 1:2 დასრულდა.