მაიამი ძალაა

მილუოკი იანის ანტეტოკუმპოს იდეალურ გუნდს უშენებს. რომ ლიდერი დარჩეს. რომ ლიდერმა თავი დაცულად იგრძნოს. დაცულად მწვანე კრაზანებისგან, რომლებიც ბოსტონში დაფრინავენ. დაცულად ახალი ბრუკლინის ხიდისგან, რომელიც კევინ დიურანტმა გააგო.

დაცულად ბებერი განგსტერის გუნდისგან, რომელიც გმირულად შეასკდა მთელ სამყაროს და მხოლოდ ბოლო სერიაში დახარა თავი. იქ, იმ სერიაში ეს გუნდი ლებრონ ჯეიმსს ვერ მოერია. ლებრონი ხომ მეფეა. და, მეფე კუთვნილ ტახტზე ავიდა.

და, მაიამი დაბრუნდება.

მაიამი აუცილებლად დაბრუნდება.

იმიტომ, რომ ამ გუნდს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო და დაუფასებელი მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა.

იმიტომ, რომ პატ რაილი ჯერ სუნთქავს და მისი ტვინი პულსირებს.

იმიტიმ, რომ მაიამიმ რამდენიმე აუცილებელი სვლა გააკეთა.

გუნდმა შეინარჩუნა ცენტრი ბამ ადებაიო. 23 წლის მუტანტი, რომელსაც აქვს მიმწოლი ხასიათი, გამთამაშებლის პასი და მესამე ნომრის საშუალო სროლა. ადებაიო უნივერსალი ჯარისკაცია. და, რაილიმ მას ხუთწლიანი კონტრაქტი აჩუქა. რომელიც ბიჭს 163 მილიონ დოლარს მისცემს.

ეს კონტრაქტი ჩაირთვება შემდეგი სეზონიდან, მანამდე კი ბამი 5.1 მილიონზე ზის და არ წუწუნებს.

შარშან, დიდი ბიჭი (208) გამორჩეულად სტაბილური იყო - 15.9 ქულა, 10.2 მოხსნა, 5.1 პასი, 1.3 დაფარება და 1.1 ჩაჭრა. კლასიკა.

ადებაიო უკეთესი იქნება და ბამი დაამტვრევს აღმოსავლეთს.

 

*****

 

ჰიტმა დაიტოვა სლოვენიელი ვეტერანი გორან დრაგიჩი. რომელსაც ჯადოსნური ფლეი ოფი ჰქონდა და დამტვრევამდე გორანი მაიამის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ.

დრაგიჩი 2 სეზონით და 37.4 მილიონით დაიტოვეს. შარშან, რეგულარულში - 16.2 ქულა, 5.1 პასი, 3.2 მოხსნა. სტაბილური ბიჭი.

მაიამიმ შეინარჩუნა მაიერს ლეონარდიც. 2 წლით. და, ეს ერთგულება ბიჭს 20 მილიონად შეუფასეს, დაუფასეს. შარშანდელი სტატისტიკა - 6.1 ქულა, 5.1 მოხსნა. კარგი შემცვლელი.

მო ჰარკლესი ჰიტში ნიუ იორკიდან გადადის. მაიამისთან ერთი წლით იმეგობრებს, მიიღებს 3.6 მილიონს და ეცდება, რომ სასარგებლო იყოს. შარშან - 6.8 ქულა, 3.3 მოხსნა. ჰარკლესი ძალიან კარგი დამცველია. მართლა ძალიან კარგი.

და, ბოლო კაცი - წარმოგიდგენთ ეივერი ბრედლის!

ლეიკერსის ყოფილი წევრი, კარგი მცველი ბრედლი ორი წლით დაირტყეს. 11.6 მილიონად. ბრედლის 8.6 ქულა და რკინის დაცვა ჰქონდა. და, ბრედლი მაგრად მოუხდება მაიამის.

ბებერმა განგსტერმა გუნდი კიდევ ერთი ფინალისთვის მოამზადა.