გიჟი

ნაპოლიში ისევ არეულობაა. სერია A-ს მე-8 ტურში მილანთან მარცხის შემდეგ (1:3),  ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, გასახდელში ფეხბურთელებს არა-ერთი მწარე სიტყვა უთხრა და პასუხისმგებლობის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

მოგეხსენებათ, გატუზო წიწაკიანი სიტყვებისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს. გეხსომებათ, გლაზგო რეიჯერსში გარჯისას მას „მამაცი გული“ შეარქვეს. ჰოდა, მისდგომია და მისდგომია თავის ბიჭებს. ამას ბიჭების აღშფოთება მოჰყოლია და მოსდგომიან და მოსდგომიან.

მოკლედ, არეულა მონასტერი. იტალიური მედია იმასაც წერს, ახლა რინოს ნეაპოლურ კლუბში მუშაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ ოფიციალურად ამას ჯერ არ ახმაურებენო.

ასეთივე სიტუაცია იყო ნაპოლიში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როცა, კარლო ანჩელოტი, ევერტონში წასვლამდე, ლამის მთელ გუნდს დაუპირისპირდა.

 

Cosa ha detto Gattuso al Napoli dopo la vittoria della Coppa Italia

 

ჟურნალისტებმა ამ ამბავს Sceneggiata Napoletana უწოდეს, რომელიც ცნობილი ნეაპოლური მუსიკალური დრამაა.

ანჩელოტის შეგირდებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცუდი შედეგების კვალად გადაგომაზე უარი თქვა და ყველაფერი ფეხბურთელებს დააბრალა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დავიდარაბაში კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც მოუხდა ჩარევა.

როგორ იქნება გატუზოს საქმე, პროგნოზს ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს. ერთი ცხადია, სამხრეთიტალიური კლუბის სამზარეულოში ტემპერატურამ ზომაზე მეტად აიწია.

რინო განსაკუთრებით გუნდის წამყვან მოთამაშეებს გაუჯავრდა, ინერტულობაში ამხილა და სადღაც მართალიც იყო, ნაპოლიმ ხომ ზედიზედ მესამე თამაში წააგო საკუთარ სან სიროზე.

განსაკუთრებით კალიდუ კულიბალის, დრის მერტენსს, მარიო რუის და ფაბიან რუისს „მოხვდათო“ აღნიშნავს გამოცემა.

ეს ოთხი ფეხბურთელი შიშობს, რომ გატუზოს საქციელის შემდეგ, გულშემატკივრები მათ გასახდელის ამრევებად მონათლავენ.

 

Napoli hire Gennaro Gattuso as manager a day after sacking Carlo Ancelotti  - The National

 

„ეს დამთხვევა კი არა უკვე კანონზომიერებაა. ამდენ მომენტს ვქმნით და გოლები ვერ გაგვაქვს. მეტი კონცენტრაცია გვჭირდება, მთავარი პრობლემა ეს არის. გამოცდილი ფეხბურთელების გამკვირვებია.

უკვე რამდენიმე თვეა ამაზე ვსაუბრობ. არასწორად ვუდგებით საქმეს. უგულო დამოკიდებულებას ვხედავ და ეს მაგიჟებს. ამას ბოლო მალე უნდა მოეღოს.“ - ამბობს გატუზო.

ახლა ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ექვსი ქულით ჩამორჩება ლიდერ მილანს.

სადღაც შეიძლება გაუგო კიდეც ამ კაცს. რინო თავად ძალიან გულიანი და ხისტი მოთამაშე გახლდათ. ამიტომ ვერ იტანს ოდნავ პასიურობსაც კი. უნდა მისი შეგირდები კბილებში ბებუთგაჩრილ, ოფლიან და სისხლიან მეკობრეებს გავდნენ და არა სუფთა კოსტიუმებში  გამოწყობილ მეზღვაურებს.

როცა მათგან ასეთ თავდადებას ვერ გრძნობს, ჭკუა ეკეტება.

რინოს კონტრაქტს ნაპოლისთან ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ჩაამთავრებს თუ არა ის თავის სამუშაო ვადას, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 კლუბის წარმომადგენლები კი  ამბობენ, რომ მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის ცხარე საუბარი მართლაც იყო, თუმცა რასაც ბევრი პორტალ-გაზეთი წერს, გაზვიადებული ტყუილიაო.

Napoli 1-2 Parma: Hosts begin life under Gennaro Gattuso with draw | Big  Sports News