ორი მზის ადგილი აქ აღარ არის

ჯერ კობი ბრაიანტი წავიდა. შემდეგ, დიეგო მარადონა.

და, სპორტმა მუღამი, ბევრი ფერი, ერთიანობა დაკარგა.

ორი მხატვარი. ორივე ფუნჯით გეთამაშებოდა. ორივე გათამაშებდა, არ გართმევდა ჰაერს და ორივეს ჰქონდა ის, რაც დღეს ბევრ  გახუნებულ ვარსკვლავს აკლია.

ღირსება. და, ხასიათი.

როდესაც დიეგო მოსკოვში, ნაპოლის და სპარტაკის თამაშზე ჩავიდა, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაყინულ რუს გულშემატკივარს, თბილი ქურთუკი მისცა, ჰა, ძმაო, გაიყინები, გათბიო. ის რუსი იქ მის, დიეგოს სანახავად იყო მისული და სულ არ აინტერესებდა, რას გააკეთებდა მოედანზე სახალხო გუნდი.

როდესაც კობი ბრაიანტის ბოლო სეზონი იყო, საკრამენტოში ერთმა გულშემატკივარმა დაუყვირა, დაბერდი და მიდიხარო? კობის გაეცინა, ტრიალში ჩააგდო, კიდევ ერთხელ გაეცინა და თითქოს, მოიწყინა. იმ ბოღმიანმა გულშემატკივარმა კობის გული ატკინა. რომელიც მალე, ზედმეტად სწრაფად გაჩერდა.

ორივე ანათებდა.

ორი მზე. ორი კაშკაშა მზე. მიდი და გადაფარე ეს მხურვალება, რომელიც ნიჭის და უდიდესი ლტოლვის ნაზავი იყო. ასეთი მხურვალება არ იფარება. ასეთი მხურვალება მხოლოდ პატივისცემას და შემდეგ, მონატრებას იმსახურებს.

დიეგოს პირველი გოლი დღესაც მშვენივრად მახსოვს. როგორ აიგდო აბუჩად იტალიელი მცველები და 1986 წლის მსოფლიოზე, იმ მომენტში მოქმედ ჩემპიონს, იტალიას გაუტანა. ნახტომში, როგორღაც მოასწრო გადაწყობა და ერთი შეხებით შეცვალა ანგარიში.

კობის პირველი ქულები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ კობი ბევრად მეტი მაქვს ანანხი, ვიდრე - დიეგო. კობი ჩემი საყვარელი გუნდის კოშმარი და კარგი მეგობარი იყო. გრეგ პოპოვიჩი მას თავს უხრიდა და იმ თავზე ეფერებოდა. შვილივით. კობი უდიდესი იყო.

შემდეგ, დიეგო დაბრუნდა. როგორც - მეფე. საოცარ ბატისტუტასთან და დამანგრეველ არგენტინასთან ერთად. და, დიეგო დოპინგზე ჩავარდა. და, არგენტინა მოკვდა. არგენტინამ გენიალური გეორგე ჰაჯის რუმინეთთან ვერ გაქაჩა და იმ არგენტინას ააჭრეს მარჯვენა ხელი, წაართვეს თვალები და ის არგენტინა დადგა.

ღმერთი ყველაფერს დროულად აკეთებს. მათთვის, ვისაც მოცდა შეუძლია.

მარტივია გიყვარდეს ყველა, მთელი კაცობრიობა. ეს ზედმეტ პასუხისმგებლობას გარიდებს. მიდი, აბა, შეიყვარე ერთი კონკრეტული ადამიანი, იზრუნე მასზე და დააფასე მისი ნიჭი?! რთულია, არა? კობიმ და დიეგომ ეს არაერთხელ გააკეთეს.

ერთიც და მეორეც ცხოვრებისგან, ცხოვრებაში ეძებდა არა მარტივ გზას, არამედ იმას, რომელიც ბევრი სირთულის მიუხედავად, მას უკეთეს ადამიანად, სამაგალითო ლიდერად, კარგ მშობლად აქცევდა. ეს მათში იყო.

ეს მათთვის იწერებოდა. ეს დიეგოს და კობის სამყარო გახლდათ.

 

*****

 

ღმერთი არავის არ აბარებს ანგარიშს. და, ის ყოველთვის ცდილობს, დაგვიცვას ზიზღისგან, შურისგან და კეთილდღეობით, სიბრძნით, ერთიანობით შემოსოს ჩვენი სხეული. ხანდახან, არ გამოსდის, მაგრამ ძირითადად - გამოსდის.

კობიმ და დიეგომ ცხოვრება ცხოვრებისგან ისწავლეს. და, ერთმაც და მეორემაც დააფასეს ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭი და ეს გზა ბოლომდე გაიარეს. დიადი ჩემპიონების, უკვდავების გზა.

ორივე ეცემოდა, მაგრამ სწრაფადვე დგებოდა, რომ წაქცევა ჩვევაში არ გადასულიყო.

ღმერთი არავის არ ივიწყებს. და, მას ყოველთვის თავისთან ახლოს ჰყავდა დიეგოც და კობიც.

ახლა უკვე ორივე ზედმეტად ახლოს ეყოლება.

ამიერიდან, აქ აღარ იქნება ორი მზის ადგილი.

ორი მზე ჩაესვენა, მაგრამ ჩვენს გულებში ეს მხურვალება არასოდეს არ ჩაქვრება.

დიეგო და კობი ჩვენთან ერთად გაიღიმებენ და ჩვენტან ერთად განიცდიან საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ჩვენ დღესაც მათთან ერთად ვართ. და, ისინიც არ მიგვატოვებენ. მოგონებებში მაინც...