ღმერთი მოკვდა

მარადონას გარდა, ჯერ არავინ ყოფილა, ფეხბურთის საზღვრები გაენგრია და სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა გამხდარიყო.

 

დიეგო ჩაგრულების ღმერთია, კაცი რომელიც მოედანზე გადის და ცენტრალიზებული ხელისუფლებისკენ ილაშქრებს. მემარცხენე პოლიტიკოსის, პერონის საყვარელი გუნდის, ბოკას ლეგენდა გახდა და ამ კლუბში თამაშის გამო, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს - ქვეყანას ულტრამემარჯვენე გენერალი ვიდელა მართავდა. 

 

არგენტინელი ბარსელონაში წავიდა - გენერალ ფრანკოსგან დაჩაგრულ ქალაქში, რომელიც მადრიდს მტრობს. სხვანაირად არც შეიძლებოდა.

 

შემდეგ იყო ნაპოლი - სადაც დიეგო დღემდე ღმერთია. იტალიაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მტრობა ყოველთვის არსებობდა, ნეაპოლელებს "დაუბანლებს" და "ქოლერის გადამტანებს" ეძახდნენ. მარადომ იქ სკუდეტო ორჯერ მოიგო, მანამდე და მის შემდეგ ასეთი სიხარული ამ ქალაქს აღარ ღირსებია.

 

ნაკრებში ფეხბურთი უკეთ არავის უთამაშია, ვიდრე მარადონას 1986-ში. 

 

როდესაც ინგლისმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომი პირწმინდად მოუგო, მარადონამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში უპასუხა - ჯერ ხელით გაუტანა, შემდეგ კი მთელი გუნდი მოატყუა და ისე. 

 

მარადონა ისე კაშკაშებდა, რომ არგენტინა მასთან ერთად დაუმარცხებელი გეჩვენებოდა. ფეხბურთს ჯერ მისი კალიბრის ოსტატი არ ჰყოლია, რომელსაც ასეთივე ქარიზმა ექნებოდა. 

 

El Diego სიმბოლო იყო, რომ სახალხო ძალა იფეთქებს და მოწინააღმდეგეებს მასთან შანსი არ ექნება. 

 

ალბათ, საზოგადოება სხვა არც ერთ ფეხბურთელს იმდენს არ აპატიებს, რამდენიც მარადონას აპატია. 

 

ამბობენ, მარადონა ფეხბურთს კარგად იმიტომ თამაშობდა, რომ კოკაინს მოიხმარდაო. არა, დიეგო იმდენად დიდი იყო, რომ კოკაინმაც ვერაფერი დააკლო. 

 

ამის შემდეგაც, უბანში, როდესაც ვინმე მაგარ ფინტს გააკეთებს, იტყვის: "მარადონა" 

 

ისევე, როგორც სწრაფად მიმავალ მანქანის მძღოლზე იტყვიან - შუმახერი. 

 

სადაც მარადონა მიდის, იქ პუშკაში, დი სტეფანო, კრუიფი, კობი ბრაიანტი, აირტონ სენა, მუჰამედ ალი და სხვა დიდი ხალხი არიან. 

 

როგორც ხელოვნების სფეროებში, სპორტიც ნელ-ნელა აქეთ მიდის - უკეთესები უკვე სამოთხეში გვეგულებიან

 

რომაელები ამბობდნენ "ადამიანი მოკვდავია, რესპუბლიკა კი სამარადისო" - ადამიანი კვდება, იდეა ცოცხალია.

 

El Diego-ს ლეგენდაც ასეა ცოცხალია.

 

ისე კი, სამოთხეში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს.