გოჩა ჯამარაულის და დიეგო მარადონას ბევრისთვის უცნობი ისტორია (ვიდეო)

დიეგო მარადონა დღეისთვის ყველაზე აქტუალური თემაა მისი გარდაცვალების გამო. ზოგი რა ისტორიას იხსენებს, ზოგი რას. გადავწყვიტეთ ერთი ამბის შესახებ გიამბოთ, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გოჩა ჯამარაულმა რამდენიმე წლის წინ გადაცემაში სპორტის ვარსკვლავები მოყვა. 

 

"მარადონა საუკეთესო იყო მათ შორის ვისი თამაშიც მინახავს. 2008 წელს თბილისში იყო ჩამოსული და ქართველი ვეტერანები არგენტინელ ვეტერანებს ვეთამაშეთ. ამ ასაკშიც კი საოცრებებს აკეთებდა, სულ მინდოდა ბურთი მას ჰქონოდა. 

 

ერთ მომენტში ბურთი მივიღე და წინ მარადონა მედგა, რომელმაც მითხრა, რომ ფეხბურთელი წაქცეული იყო და მეც შევტრიალდი, მარადონა მოვიდა, ბურთი წამართვა და  წინ პასი გააკეთა. ისეთი განცვიფრებული სახე მქონდა არ ვიცოდი რა მეთქვა, შემდეგ მკითხა რა უნდა ვქნა რომ მაპატიოო, მეც ვუთხარი რომ მაისურა გაეცვალა და თამაშის შემდეგ გავცვალეთ კიდეც. მარადონას მაისურა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც ფეხბურთისგან მიმიღია" -  მოყვა ჯამარაულმა. 

 

გოჩა ჯამარაული საქართველოს ნაკრებში 1994-2004 წლებში თამაშობდა და 62 მატჩში 6 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე მას თბილისის დინამოში, ვლადიკავკაზის ალანიაში, ტრაბზონსპორში, ციურიხში, ლუცერნში და დონეცკის მეტალურგში უთამაშია.