ვიცი, მაგრამ მაინც…

 

 

 

 

 

 

 

ახლავე მოგახსენებთ, როგორ გავხდები მიამიტი ორიოდ კვირაში და როგორ დავუშვებ იმავე შეცდომას, რომელიც ბევრჯერ დამიშვია. მიზეზი: გულშემატკივრის ემოცია მძლევს. და თუ არ მიწყენთ, იმასაც ვიტყვი, რომ ბევრ თქვენგანს იგივე მოუვა.

კერძოდ, რა მოხდება? 7 დეკემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაა და წინასწარ ვიცი, რომ თავს ვერ შევიკავებ, მაინც დავიწყებ ვარიანტების თვლას: იმას თუ მოვუგებთ და ამასთან ფრედ ვითამაშებთ, მერე იქნებ იმან იმას ქულა დააკარგინოს და ვინ იცის ასეთ შემთხვევაში ჩვენ…

კარგი, რა.

გუშინ ვეუბნებოდი ვიღაცას, მგონი ჩემსავე თავს — ეს ჩვენი ფეხბურთელები რომ ამბობენ, გამარჯვება ყველაზე მეტად ჩვენ გვინდოდა და თუკი წაგებით ვინმეს გული დავწყვიტეთ თვითონ ვართო, გასაგებია, მაგრამ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კარგად თამაშობენ, მეთქი.

 

2026 World Cup Draw: when, how does it work? Preliminary and final draw

 

ჩვენ გვყავს გუნდი, რომელმაც ერთა ლიგის D დონეზე ჯგუფში ყველა დაბრდღვნა, ფლეი-ოფში იჭრაჭუნა, ფინალი ულაპარაკოდ წააგო, ხოლო C დონეზე… ვაგლახ, მხოლოდ უსუსტეს ესტონეთს აჯობა. თუმცა, ის მოსაზრებაც მომისმენია, რომ ჩრდილო მაკედონიასთან მწარედ წაგებული ფინალი ახალ გათამაშებას რომ არ დამთხვეოდა, სომხეთთან და ესტონეთთან ასე არ ჩავფლავდებოდით და იქნებ B დონეზე გადავსულიყავითო.

რა გითხრათ, აბა. დაემთხვა და… თან, ფეხბურთი მარიფათზეა. ერთის წაგება არ ნიშნავს, რომ მეორე და მესამეც უნდა წააგო. თუ ერთი წაგების გამო მეორესა და მესამესაც აგებ, ესე იგი ვერ ხარ მაგარი.

მაგრამ აგერ ნახავთ, დადგება 7 დეკემბერი და წილისყრა რომ დაიწყება, ისეთი სახით მივუჯდები ეკრანს, გეგონება „პირველი მერცხლისა“ არ იყოს, ბიჭები ბრდღვნიდნენ ყველაფერს.

დიახ, ბიჭებს უნდათ რომ მოიგონ; წყინთ, რომ აგებენ, მაგრამ ჯერჯერობით სულ ეს არის. C ლიგაში, ჩვენს ჯგუფში, პირველ ადგილზე ნაომარი სომხეთი გავიდა.

და მაინც ვიცი, დამეწყება: აბა, პირველი კალათიდან ვინ ამოვა; აბა, მეორე კალათიდან ვინ შეუწყვილდება; აბა, ჩვენ ვისთან მოვხვდებით…

საინტერესოა, თურმე ისლანდიას არ შევხვდებით. უეფას პოლიტიკურის გარდა გეოგრაფიული შეზღუდვებიც მოუგონებია. პოლიტიკური ჩვენ არ გვეხება და გეოგრაფიულმა ისლანდიას აგვარიდა. ისლანდია კი ის გუნდია, რომელმაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე… თუმცა, უკბილო და აბდაუბდა ფეხბურთი თუ ვითამაშეთ, ჩვენთვის  ყველა „ის“ გუნდი არ იქნება?

ერთი სიტყვით, ამთავითვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დელეგაცია თვითმფრინავიდან გეიზერებს ვერ დაინახავს. არადა, ულამაზესიაო, ამბობენ.

 

Accreditation for draw of Group Phase FIFA World Cup Qatar 2022 qualifiers  | CAFOnline.com

 

მართლა, დელეგაციაზე გამახსენდა, მის შემადგენლობაში მწვრთნელიც უნდა იყოს? ჯერჯერობით მის გარეშე ვართ. ვაისს უკვე გავეყარეთ, ახლა უნდა ვცადოთ ვუისს არ შევეყაროთ.

მაინც ვინ ჯობს, ქართველი თუ უცხოელი? ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: ის, ვინც გუნდს უკეთ ათამაშებს. გინდა ქართველი იყოს და გინდა უცხოელი. პანაცეა არც ქართველია და არც უცხოელი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.

და კიდევ, მე, როგორც თავში ვთქვი, მგონია, რომ ორ კვირაზე ნაკლებ დროში ძალიან მიამიტი გავხდები. დაძაბული სახით დავჯდები ეკრანთან და იმის ყურებას დავიწყებ, რომელი კალათიდან რომელ ჯგუფში რომელი გუნდი ამოვა, რათა მერე ვარიანტების დაწყობას შევუდგე: იმას თუ მოვუგებთ და ამასთან ფრედ ვითამაშებთ, მერე იქნებ იმან იმას ქულა დააკარგინოს და ვინ იცის ასეთ შემთხვევაში ჩვენ…