ფეხბურთი მარადონას ემშვიდობება - რას წერენ დიეგოზე

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა დაღუპვამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, მათ შორის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. ზოგიერთი მათგანი არგენტინელს ემოციურად გამოემშვიდობა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. 


"შარშან არგენტინაში გახლდით და ვნახე წარწერა "არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთე ცხოვრებაში, მთავარია რა გააკეთე სხვებისთვის" ეს ზუსტად ასახავს დიეგოს ცხოვრებას. მან ფეხბურთი უკეთესი გახადა" - პეპ გვარდიოლას სიტყვები გახლავთ.

"დიეგო გვტოვებს, მაგრამ არ მიდის ჩვენგან. მარადონა მარადიულია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს, მშვიდად განისვენე დიეგო" - ასე დაემშვიდობა ლეო მესი დიეგო მარადონას. 

"დღეს დავკარგე მეგობარი, სამყარო დაემშვიდობა მარადიულ გენიოსს. ის წავიდა, მაგრამ დიდი კვალი დატოვა. მშვიდად განისვენე დიეგო, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ" - დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ.

"მისი თაობის საუკეთესო და ალბათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ვიმედოვნებ რთული ცხოვრების შემდეგ, სამუდამო სიმშვიდეს იპოვის" - განაცხადა მარადონაზე გარი ლინეკერმა.

"შენი მემკვიდრეობა მარადიულია, შენი ჯადოქრობები არასდროს იქნება დავიწყებული, მშვიდად განისვენე მეგობარო" - განაცხადა რონალდომ.

 

"ჩემო კერპო, ჩემო იდეალო მადლობა ერთად გატარებული დროისთვის. შენ ნამდვილი ჯადოქარი იყავი, მშვიდად განისვენე" - ასე დაემშვიდობა დიეგოს რონალდინიო.


"ძალიან სამწუხარო ამბავია. მე დავკარგე კარგი მეგობარი, სამყარომ კი დაკარგა ლეგენდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს, იმედია ერთ დღეს სამოთხეში ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს" - ეს ლეგენდარული პელეს სიტყვებია. 

"მან ჩემზე დიდი კვალი დატოვა. 1986 წლის მუნდიალზე მარადონა შეუდარებელი იყო, დიეგო მარტო იგებდა თამაშებს, ეს მისი უპირატესობა იყო სხვებთან შედარებით." - განაცხადა ზინედინ ზიდანმა. 

"ძნელია როცა გირეკავენ და გეუბნებიან, რომ მარადონა დაიღუპა. ჩვენ ლეგენდამ დაგვტოვა, რომელიც მთელ თავის ენერგიას ნეგატივთან ბრძოლას ახმარდა.მასთან ურთიერთობა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი მომენტი იყო. დიეგო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფიგურა გახლდათ." - ეს სიტყვები დიეგო სიმეონეს ეკუთვნის. 

 

"მადლობა ფეხბურთისთვის, მადლობა ყველაფრისთვის რაც მოგვეცი. მშვიდად განისვენე მეგობარო" - ასე გააცილა ხავიერ ძანეტიმ უფროსი მეგობარი.

 

"ჩემო იდეალო, ყველაზე დიდო მშვიდად განისვენე" - დაწერა მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა რაულმა. 

 

"არასდროს დაგივიწყებთ დიეგო, ყოველთვის ჩვენთან იქნები" - ასე დაემშვიდობა ყოფილ სიმამრს მან. სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო.