ნაგიჟარი გაუჩო

25 ნოემბერს, დიეგომ უკვე დილით გაიღვიძა ფერმკრთალმა და ჩიოდა, ცივაო. თუმცა მაინც წამოდგა და ისაუზმა. ხოლო საწოლში დაბრუნებისას ბოლო სიტყვები წარმოთქვა: „Me siento mal,“ რაც ესპანურად ნიშნავს: „თავს ცუდად ვგრძნობ.“

მედდამ, რომელიც მას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ უვლიდა, მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მაგრამ მისულმა ექიმების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით დღის 12 საათზე, მედიკოსებმა ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს.

დიეგოს გული გაუჩერდა...

 

Diego Maradona dies: How Argentina legend starred at Mexico 1986 – and was  World Cup handball king

 

დიეგოს ცხედარი უკვე გადაასვენეს ბუენოს აირესში, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში. არგენტინული მედიის  ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას ამავე სასახლესთან დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაესწრება. საორგანიზაციო წვრილმანები ზუსტდება და დიეგოს ოჯახთან უკვე შეთანხმებულია.

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დიდი კაცი წავიდა. დიდი ფეხბურთელი და საოცარი ადამიანი. მხოლოდ მას შეეძლო ხელით გაეტანა გოლი და მერე მისთვის „ღმერთის ხელი“ ეწოდებინა. ხოლო სიდიადის დასამტკიცებლად იმავე მატჩში ისეთი ბურთი შეეგდო, რომელსაც შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებდნენ.

მერე ავტობიოგრაფიაში ლინეკერთან საუბარს იხსენებდა:

- რატომ თქვი ღმერთის ხელიო, - მკითხა ლინეკერმა.

- იმიტომ, რომ ღმერთმა იმ წამს მართლაც ხელი გამომიწოდა. საოცარია, ვერც არბიტრმა და თანამსაჯმა დაინახეს რა მოხდა. ღმერთის წყალობაა, აბა, რა არის...

ეს არის დიეგო. თან მართალი, თან ცუღლუტი. თან რეალური, თან მითიური. ფეხბურთის ღმერთი უწოდეს და იყო ამაში რაღაც სიმბოლური, არაამქვეყნიური.

 

Diego Maradona dies: What is the legendary 'Hand of God' goal which made  him infamous?

 

გენიოსი იყო ფეხბურთში და ზომაზე მეტად ქარიზმატული ცხოვრებაში. თავისი შეცდომებითა და სიგიჟეებით. ნარკოტიკებითა და ლოთობით. ცოლებით, საყვარლებითა და მეძავებით. ასეთი იყო. სხვაგვარად არ შეეძლო.

უსამართლობას ვერ იტანდა და ამიტომაც ისჯებოდა. მხოლოდ მისნაირი კაცი შეიძლებოდა მოეკვეთათ 1994 წლის მუნდიალიდან ვითომდა ეფედრინის მიღების მიზეზით. მოეკვეთათ იმ ტურნირის ყველაზე კარგი გუნდის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. მანამდე ფიფას ჩინოვნიკები მამაძაღლობისთვის გააკრიტიკა და არ აპატიეს. წლების შემდეგ დამტკიცდა, რომ მართალი იყო.

არ უყვარდა კაპიტალიზმი და ძმაკაცებიც თავზე ხელაღებული ხალხი ჰყავდა: ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი. მხარზე ჩე გევარას ტატუ ამოეტვიფრა.

ამიტომ იქცა არა მხოლოდ საუკუნის ფეხბურთელად, არამედ საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანად.

 

Buenos Aires Times | Diego Armando Maradona dies after suffering cardiac  arrest

 

გაუჩოსაც ადარებდნენ ხოლმე. მოგეხსენებათ, გაუჩო ჩრდილოამერიკული კოვბოის სამხრეთამერიკული ანალოგია. მონადირე, საქონლის მომვლელი ხალხი იყო. თავისუფლების მოყვარული, მებრძოლი. იქაური ფოლკლორი სავსეა მათი თავგადასავლებით. ლეგენდების მიხედვით, მათთვის სიმართლე მხოლოდ ის იყო, რაც თავად მიაჩნდათ სწორად. ხშირად ლოგიკას არად დაგიდევდნენ.

დიეგოც ასეთი იყო -  გულიანი, ემოციური, ნაგიჟარი გაუჩო...

 

Diego Maradona: Thousands bid farewell as Argentina grieves - BBC News