ბავშვობა, თეთრი და ლურჯი ზოლები

გული ბევრ რამეს იტევს. რაც უფრო გადის წლები, მით უფრო იძირები ბავშვობის მოგონებებში. ეს მოგონებები თითქოს ძაფებითაა ერთმანეთზე გადაბმული და ერთი დიდი კვანძი მოწყდა.

 

ჩემი თაობა თან უიღბლოა, რომ დიდ თბილისის დინამოს ვერ მოესწრო, მაგრამ ბედნიერია იმით, რომ მაინც შეესწრო ოთხმოციანების მეორე ნახევრის რომანტიკულ ფეხბურთს, საოცარ ვარსკვლავებს. ოღონდ, დიეგო მარადონაზე რომ დაწერო ვარსკვლავი იყოო, ეს იგივეა, რომ არაფერი არ დაწერო.

 

იმ დროის უპირველესი ვარსკვლავები იყვნენ ზიკო, პლატინი, როსი, სოკრატესი, ელკიაერი, რუმენიგე... მათ ზემოთ კი იდგა ღმერთი - დიეგო არმანდო მარადონა!

 

ჰოდა, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ 1986 წელს დავიწყე ფეხბურთის ყურება და მარადონაც იმ მუნდიალზე, არგენტინა-კორეის მატჩში „გავიცანი“. თვალებიდან არ ამომდიოდა, როგორ ეუხეშებოდნენ. აი, კუნძს რომ ცულს ურტყამ და მაინც ვერ ჭრი, ასეთი რაღაც ხდებოდა.

 

მაშინ, ერთი თვის განმავლობაში მექსიკაშიც რაც ხდებოდა, ყველამ იცის. არც მანამდე და არც მას მერე მარტო კაცს არასოდეს მოუგია მსოფლიო ჩემპიონობა. როგორ მახსოვს, მაშინ რომელიღაც გაზეთში თუ წიგნში წავიკითხე არგენტინელთა 12 ნომრის, ექტორ ენრიკეს ხუმრობა - ინგლისთან დიეგოს ისეთი პასი მივეცი, რომ არ გაეტანა, მოსაკლავი იქნებოდაო...

 

და რამდენი ბიჭი თეთრ მაისურს ლურჯად ზოლავდა, ან სპეციალურად ყიდულობდა თეთრ და ლურჯ ზოლიან მაისურს. მერე უკან 10 ნომერს აწებებდნენ, ზოგიერთი ფლომასტრით ხატავდა. მიმსგავსებული მაინც ყოფილიყო, სხვა რა გზა იყო... აბა, მაშინ სად იყო ნამდვილი არგენტინის ფორმა?!

 

მახსოვს, მოგვიანებით დავით ქლიბაძის საფეხბურთო გადაცემაში ვუყურე, რომ მარადონამ ნაპოლიში პენალტი გააფუჭა. ვერ დავიჯერე. როგორ, მარადონამ პენალტი ვერ გაიტანა? როგორ, მასწავლებლები ტუალეტში დადიან? როგორ, წითელი ყელსახვევის გარეშე შეიძლება სიარული?

 

ჩემთვის მარადონა ზებუნებრივი იყო და ასეთია ახლაც. მთავარ ფოტოს რაც შეეხება, ალბათ ყველას გვაქვს სურათები, რომლებიც რაღაცასთან ასოცირდება - მუსიკასთან, ფილმთან, ახალ წელთან, ან რაც გნებავთ. ჩემთვის ეს ფოტო ასოცირდება ბავშვობისდროინდელ ფეხბურთთან. ფინალი გერმანიასთან, ხორხე ბურუჩაგას უკვე გატანილი აქვს მესამე გოლი დიეგოს გენიალური პასის მერე. აქ კი ბოლო წუთებია.  

 

- დღეს თქვენ მეორე პელე ხართ! თქვენ უკვე ფეხბურთის მეფე ხართ!

 

- მე არც მეორე პელე ვარ, არც ფეხბურთის მეფე. ვარ დიეგო არმანდო მარადონა!