ნოდარ ქავთარაძის დუბლი პენალტებით და გიორგი ფანცულაიას მშვენიერი, ინდივიდუალური გოლი - 2:1. თბილისის დინამომ მოუგო ქუთაისის ტორპედოს და ლიდერობა გაიმყარა. მეტიც, თითქმის ჩემპიონია...
დინამოელებს სამი თამაში დარჩათ ჩასატარებელი და სამივე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან: მერანთან, ჩიხურასთან და სამტრედიასთან. ერთადერთი კონკურენტი კი ბათუმის დინამო ჰყავთ, რომელსაც 5 ქულით გაუსწრეს.
ტორპედოს რაც შეეხება, დიდია ალბათობა, რომ ფლეი-აუტში მოხვდნენ. მერვე ადგილზე არიან და წინ წაწევა გაუჭირდებათ.
თამაშს რაც შეეხება, სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. დინამოელებს ჰქონდათ უპირატესობა და აი, პირველი პენალტის ეპიზოდი: ქუთაისელთა მცველმა გურამ ადამაძემ უწყინარ სიტუაციაში გადაუღობა გზა მეტოქეს. ცოტა საკამათო მომენტი კი იყო... თუმცა პენალტი დაინიშნა და ქავთარაძემ ანგარიში გახსნა.
მერე იყო ფანცულაიას სოლო-გარღვევა და კარგი დარტყმა - 1:1.
გადამწყვეტი გამოდგა დავით სხირტლაძის აქტიურობა, ჭკვიანური თამაში, რასაც მეორე პენალტი მოჰყვა: სხირტლაძემ მეკარესა და მცველს ააცალა ბურთი, კართან მარტო დარჩენილს უნდა გაეტანა და ტორპედოელმა გიორგი ჯანელიძემ ხელი ჰკრა, რის გამოც პენალტიც დანიშნეს და ჯანელიძეც გააძევეს. ქავთარაძემ ისევ კარგად შეასრულა - 2:1.
ისე, ბოლო წუთზე ქუთაისელთა შემტევმა ზაზა ციცქიშვილმა ოდნავ ააცილა კარს და დინამო გადარჩა. საბოლოოდ, დინამომ მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა.
დინამო - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ქავთარაძე (64 პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (84 პენ)
გაძევება: ჯანელიძე (83, ტორპედო)