შენგელიამ და ჯეიმსმა რეალი დამარხეს

თორნიკე შენგელიამ რეალს 15 ქულა და 7 მოხსნა გლიჯა. თოკო ეპიზოდებში შეუჩერებელი იყო. და, ცსკამ სეზონის ყველაზე დაუნდობელ თრილერში დააგდო პრინციპული მოწინააღმდეგე 74:73.

თოკოს დაუნდობელი სტარტი ჰქონდა. 9 ქულა პირველ მეოთხედში! ერთი ეფექტური, ხორციანი შესვლა და სლემი მთელ რეალს. თოკომ აკრიფა და ცსკამ - ვერ. რუსული მანქანა მძიმედ იდგა პირველ ტაიმში. რეალი 36:25 გაიქცა და ამ დროს, ცსკა აფეთქდა.

10:0 გაქცევა და ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი დაბრუნდა. მეორე ტაიმში თოკოს გუნდი უკვე წინ იყო.

და, როგორც ხშრად ხდება, ცსკამ ვალიდოლური ფინიში გვაჩუქა. სამიანების გაცვლით, შეცდომებით, ცივი ბოლო წუთებით და გენიალური მაიკ ჯეიმსით. დიმიტრის იტუდისთან კონფლიქტის შემდეგ, ჯეიმსი დომინირებს.

და, ჯეიმსმა ამ ტესტშიც შეასრულა. მაიკი იწყებს სათადარიგოებიდან. მაიკი და უილ კლაიბერნი, რომელიც ჯერ რჩება ოთხთა ფინალის მოქმედ საუკეთესო მოთამაშედ. სოლიდური კომპანიაა. ზედმეტად სოლიდური.

და, ჯეიმსი იყო ერთადერთი ცსკადან, რომელმაც მატჩის ბოლო 6 წუთში ქულები აკრიფა.

ძირითადის დახურვამდე 24 წამით ადრე ტრეი ტომპკინსმა (15+6 მოხსნა) სამიანით დაჭრა ცსკა. 71:70. რეალის. წუთშესვენება.

მაიკ ჯეიმსმა პაუზის შემდეგ ისროლა სამიანი, ვერ ჩააგდო, ბურთს ხსნის დანი ჰეკეტი (2) და უილ კლაიბერნი (11+9 მოხსნა) უბრუნებს ჯეიმსს. რომელიც კუთხეშია გაჭედილი. რომელსაც ხელს რეალის ორი მცველი უშლის. რომელმაც მაინც ისროლა და ჩააგდო!!!

და, ფოლი!

და, მაიკმა (28 ქულა) ერთ შეტევაში 4 ქულა აიღო. ჯეიმსმა მოკლა რეალი და უილ ტავარესმა (8, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი) მხოლოდ საბოლოო ანგარიში დასვა. ცსკამ (8:3) გაძლო და ზედიზედ მეექვსე გარჩევა მოიგო. რეალი (6:5) ცხრილის შუაში ზის.

 

*****

 

რეალს აქვს 18 პასი. ცსკას - 4. რეალმა დაუშვა მხოლოდ 6 შეცდომა. ცსკამ - 10. და, ცსკამ მაინც მოიგო. რუსულმა ტანკმა მოხსნებში გადაჯოკრა - 44:34. ნიკოლა მილუტინოვმაც 9 მოხსნა აიღო.

ცსკას 4 პასი ევროლიგაზე კლუბის ანტირეკორდის გამეორებაა. შარშან, მოსკოვში, რეალთან ცსკამ მხოლოდ 6 პასი გააკეთა და მაინც მოიგო. კარგი, მძიმე ტრადიცია.

თოკომ (15 ქულა, 7 მოხსნა, 0 შეცდომა) ვალი მოიხადა და დღეს უკვე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ფინეთში. საკვალიფიკაციო გარჩევებში. იქ პატრიოტების თამაშები იწყება.

შენგელია უმატებს და ეს ფაქტია.

და, გუნდი მას მეტ ნდობას აძლევს.

ბრავო, თოკო!