ეს ვინ მოსულაო...

ლისაბონის ბენფიკას აგვისტოში მწვრთნელად 66 წლის ჟორჟე ჟესუსი დაუბრუნდა. მის ხელში კი გერმანელმა ჰავბეკმა იულიან ვეიგლმა სულ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთადერთხელ დაჰყო მოედანზე 90 წუთი. ამიტომაც, 25 წლის ფეხბურთელი ბენფიკადან გაქცევას აპირებს.

სააგენტო Sports eXcellence-მა, რომელთანაც ფეხბურთელს კონტრაქტი აკავშირებდა, მას პორტუგალიის დედაქალაქში დარჩენა ურჩია. ეს ყოფილი დორტმუნდელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც Sports eXcellence-ს გაექცა და ახალ „პატრონს”, 77 წლის აგენტ პინი ზაჰავის მიეკედლა.

 

Julian Weigl (@JuWeigl) | Twitter

 

ზაჰავი ფეხბურთელებით ვაჭრობაში საქვეყნოდ ცნობილი კაცია, რომლის კლიენტთა შორის არიან ბაიერნის ვარსკვლვები რობერტ ლევანდოვსკი და დავიდ ალაბა. ის იულიან ვეიგლისთვის ახალ კლუბს ეძებს.

ვეიგლი ლისაბონში 2020 წლის იანვარში გადავიდა. კლუბმა მასში 20 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად, გერმანელი ბენფიკაში 2024 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, ეს კონტრაქტი, ალბათ, დიდხანს აღარ გაგრძელდება.

„ჩემოდანი ჩალაგებული მაქვს. ვიცი, რომ ბევრი მაკრიტიკებს. მე არ გახლავართ ის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ტრიუკებს აკეთებს და ყვირის. ჩამშლელი ნახევარმცველი ვარ და ჩემი გამოყენება სხვანაირად არის საჭირო. ჯერჯერობით, არავინ შემხმიანებია”, - თქვა ვეიგლმა.