ბაკურიანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

 

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტიმა ლერი ხაბელოვმა თქვა:

 

" 2015 წელს საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება გამოგვადგება უკვე 2025 წელს.

 

ამჯერად, მოგვიწევს ორი მთავარი ამოცანის შესრულება: ერთის მხრივ, უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

 

უნდა გავწიოთ შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები, რათა ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის სპორტში დღეს განხორციელებული ინვესტიცია აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სრულიად ახალ სიმაღლეზე აყვანის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც".