იანისი მაქსიმუმზე გაუშვეს

ეს ფაქტია. იანის ანტეტოკუმპო მილუოკიში დარჩება.

ბოლო ორი რეგულარულის MVP გუნდთან ახალ კონტრაქტს 21 დეკემბრამდე გააფორმებს. მაგრამ უეჭველი გააფორმებს.

და, აქ აღარ არის გადამწყვეტი, ვის დაიმატებს ბაქსი რეგულარულის დაწყებამდე. იანისი გუნდში იქნება. და, ეს უკვე საინტერესოა. ეს უკვე გამოწვევაა. ლეიკერსისთვის, ბრუკლინისთვის, მაიამისთვის და ალბათ, კლიპერსისთვის.

ანტეტოკუმპოს დღესაც აქვს გოლდენ სტეიტის ვარიანტი. უბრალოდ, იქ, უორიორზში გაიტრავმა კლეი ტომფსონი და საჩემპიონო ფანჯარა დახურულია. სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი კლეის გარეშე (და, თუნდაც, იანისთან ერთად) ვერ გაქაჩავენ.

და, მილუოკიში ანტეტოკუმპო ყველა დროის  ყველაზე მკვლელ კონტრაქტს გააფორმებს.

5 წლიწადი.

228-240 მილიონამდე. და, იანისი ამ კუშს იმსახურებს.

 

ბოლო სამ სეზონში ანტეტოკუმპო არარეალურ სტატისტიკაზე გავიდა.

2017/2018 – 26.9 ქულა, 10.0 მოხსნა, 4.8 პასი, 1.5 ჩაჭრა, 1.4 დაფარება.

2018/2019 – 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა, 5.9 პასი, 1.5 დაფარება, 1.3 ჩაჭრა. MVP.

2019/2020 – 29.5 ქულა, 13.6 მოხსნა, 5.6 პასი, 1.0 ჩაჭრა, 1.0 დაფარება, MVP, საუკეთესო დამცველი. მოკლედ - მონსტრი.

 

უბრალოდ, გუნდი ფლეი ოფში ჯერ ვერ მიდის დიდ ფინალამდე. სადღაც, ბაქსს კლავენ და ეს უნდა შეიცვალოს.

და, მილუოკი აუცილებლად შეიცვლება. გუნდი კიდევ ერთ კარგ მოთამაშეს მიაწვება და ეცდება, რომ სახელფასო ამბებში არ გაიჭედოს. მილუოკი იანისის გარშემო იმპერიას ააგებს. რომელიც არ უნდა დაიშალოს. ანტეტოკუმპო იქნება ლეონიდე, რომელმაც მთელი დანარჩენი იმპერიის დარტყმას უნდა გაუძლოს.

ბერძენი მუტანტი აქ ალბათ, კარიერის ბოლომდე დარჩება.

და, მილუოკი დაისვენებს.