კალათბურთი ჩვენი სახეობაა

და, ეს ფაქტია.

NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია.

მზარდი, მომავლის ცენტრი გოგა ბითაძე.

ევროპის ყველაზე შეუჩერებელი ცენტრი გიორგი შერმადინი.

და, შედეგი.

კალათბურთში ვიგებთ და არ არის აუცილებელი უძლიერესი ლეგიონერების დამატება. უბრალოდ, აქ უფრო გუნდურად, უშიშრად, მუღამით ვაკეთებთ საქმეს. მეოთხე მეოთხედში იყო ეპიზოდი, როდესაც ხუთეულში სუპერლიგის ოთხი კაცი იდგა და მაინც ვიგებდით. 

91:84 დავაგდეთ შვეიცარია და საკვალიფიკაციოში ყველა თამაში გვაქვს მოგებული. 4/4. ბრავო, ბიჭებო, დაგლიჯეთ!

თუ ვინმეს შვეიცარია არ ეგრანდება (და, ეს ასეა), გაიხსენეთ სერბეთში მოგება. გაიხსენეთ რამდენიმე წლის წინ ევროპის ფინალურზე ლიტვის გაჩერება. გაიხსენეთ ბევრი საოცარი და დასამახსოვრებელი მატჩი აქ, სანაკრებო დონეზე.

და, თუ თქვენ ეს ყველაფერი გახსოვთ და მაინც თვლით, რომ კალათბურთი არ არის ჩვენი სახეობა, მაშინ თქვენ გასულები ხართ. ყველა ზონიდან.

 

*****

 

წინა მატჩში შერმადინმა აკრიფა. და, ამჯერად ყველაზე ბლომად ტად მაკფადენმა შეაგროვა. მთელი 24 ქულა. 6 ზუსტი სამიანით. 6 პასით. თითქმის 39 წუთით და მხოლოდ 1 პერსონალურით. ტიპი გაწურეს და ბიჭმა გაძლო.

ძალიან ეფექტური იყო თორნიკე შენგელია. ცსკა-ს მოთამაშე მარაგით ასრულებს მწვრთნელის დავალებას და მაინც შეუჩერებელია. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როდესაც თოკომ რამდენიმე ელეგანტური პასი გაშანსა. ქულებსაც კარგი დოზით იღებდა და საბოლოოდ, 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დატოვა. მადლობა, კაპიტანო!

გივი ბაქრაძემ შეინარჩუნა წინა ტესტში ნაჩვენები დონე და 12 ქულით აწყენინა შვეიცარიას. გივი კარგია და ორმაგად საინტერესო იქნება უკვე მისი თამაში სუპერლიგის დროს. მართლა.

16 შეცდომა ცოტა არ არის, მაგრამ კალათბურთში კალათბურთით როდესაც იგებ, ჩხუბში და ფეხის დადებებში წაგებულ ორთაბრძოლებს ალბათ, ივიწყებ. დარჩეს შვეიცარიას მეტი ზუსტი დარტყა და გარტყმა. ჩვენ მოგებულ თამაშს დავიტოვებთ და ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ნაკრები.

რომელსაც ძალიან კარგმა მწვრთნელმა ეს თამაშიც წამოაღებინა. უნდა მოგვეგო და მოვიგეთ. ეს ნაკრები უღალატო მეგობარივით გახდა. როდესაც იცი, რომ ბოლომდე შეგიძლია ენდო. როდესაც ღალატი დაუშვებელია.

და, როგორც წინა წერილის დროს, ერთხელაც ვიტყვით - მადლობა ბიჭებო!

ძალიან კარგები ხართ.

კარგები და სულ ჩვენები.