რეალი შიშველია !!!

 

 

 

 

 

 

 

წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, სამეფო მადრიდის რეალმა კიევში ისევ წააგო შახტართან და საქმე ისე გაირთულა, შეიძლება ჯგუფშიც ჩარჩეს. ასეთი რამ კი ლიგის ისტორიას არ ახსოვს.

რაშია საქმე? რატომ ვერ გაიმართა ბოლო დროს რეალი წელში?

ეს ყველაფერი იმ უსახური სერიის გაგრძელებაა, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან გრძელდება. გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო ბოლო ხუთიდან. ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და პირველადგილოსან სოსიედადს შვიდი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

 

La crisis del Real Madrid y Zidane, en directo

 

მთავარი პრობლემა მაინც ალბათ გუნდის ასაკოვნოვნობაა. აბა, ბოლო წლების ლიდერებს გადავხედოთ. რამოსი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი და ბენზემა ოცდაათს გადაცილებულნი არიან. ისინი ჩინებული ოსტატები გახლავან, მაგრამ ასეთ წლოვანებაში უკვე ძნელია ყოველთვის მაღალ ტემპში თამაში, რაც დღევანდელი ფეხბურთის მთავარი კომპონენტია. დროებითი გამონათებები ამინდს ვერ ქნის. ხშირად რეალს ენერგიის ეკონომიის ხარჯზე უწევს ფონს გასვლა.

ინტენსიური პრესინგი, პოზიციური დაცვა, ბურთის განუწყვეტელი გორაობა, ეს უფრო „წინა საუკუნის“ გამოძახილია, ვიდრე პროგრესის და თანმიმდევრულობისა.

იყო დრო, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე უკეთ იხსნებოდა საჯარომოში და ამთავრებდა შეტევებს. სხვებიც არ იყვნენ ჯაბანნი. კროოსს ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეეძლო გამჭოლი პასებით. მარსელო ფლეიმეიკერის უნარებით დაჯილდოებული მცველი გახლდათ. მოდრიჩს ხომ ყველაფერი შეეძლო მინდორზე. ბენზემამ კი პორტუგალიელის წასვლის შემდეგ, გაიხსენა რომ ფორვარდია და გატანას მოუხშირა.

2015 წლიდან, როცა ზიდანმა პირველად ჩაიბარა ძირითადი გუნდი, თამაშის ხარისხი თავიდანვე აჩენდა კითხვებს. პირველ (ფრანგისთვის არასრულ)  სეზონში რეალმა ფანტასტიკური, 12 გამარჯვებიანი სერია გამოაცხო და კინაღამ დაეწია ბარსელონას, რომელმაც ქულების კარგვა დაიწყო.

 

 

მეორე სეზონში ზიდანი ჩემპიონი გახდა. თუმცა რეალს ერთი ანომალური თვისება დასჩემდა - ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა ბოლო წუთებზე. არცთუ ხარისხიანი თამაშის მიუხედავად, ხასიათის ხარჯზე იგებდა თამაშებს უკანასკნელ წუთებზე. 20 ქულაზე მეტი მოიპოვა მე-80 წუთის შემდეგ გატანილი გოლების ხარჯზე.

მესამე სეზონში რეალი უკვე დეკემბერში ჩამოცილდა საჩემპიონო ბრძოლას.

დაბრუნების შემდეგ ზიდანმა კვლავ გააჩემპიონა რეალი. მაგრამ აქაც ვერ ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხი შეესაბამებოდა დაკავებულ ადგილს. ბარსელონა გაზაფხულზე ჩავარდა, რეალს კი კარგი ფინიში გამოუვიდა. ზედიზედ 10-მა მოგებამ თავისი საქმე გააკეთა. და კიდევ, იყო ორი ადამიანი, ლომის წილი რომ დაიდეს ამ წარმატებაში: ტიბო კურტუა, რომელმაც 34 მატჩში მხოლოდ 20 ბურთი გაუშვა და სერხიო რამოსი, ვინაც ბოლო მატჩებში ექვსი გოლი გაიტანა.

ემოციები, ხასიათი, ბოლოსკენ გამოგლეჯილი გამარჯვებები სულაც არ მიუთითებს თამაშის ხარისხზე. შეიძლება ითქვას, რომ ზიდანის ხელში რეალს საერთოდ არ ჰქონია გამოკვეთილი სტილი. ერთადერთი სტილი, რაც წლების განმავლობაში მეორდებოდა რონალდუზე გადაცემები იყო.

 

 

პორტუგალიელის წასვლის შემდეგ, წესით მისი ფუნქცია ჩელსიდან ზარზეიმით ნაყიდ ედენ აზარს უნდა ეკისრა. ზიდანი სწორედ მასზე აპირებდა გუნდის აწყობას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბელგიელმა გენიოსმა სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა და ახლაც ასე გრძელდება. პრიმერას ბოლო ტურშიც, ალავესთან მატჩის 28-ე წუთზე აზარმა მუხლში ტკივილი იგრძნო და შეცვალეს. როდის დაუბრუნდება, უცნობია.

როცა წარმატებები მოდიოდა, „გამარჯვებულს არ ასამართლებდნენ,“ ახლა კი, როცა შედეგი არც შინაურ და არც საერთაშორისო ასპრეზზე აღარ არის, სპეციალისტები თამაშის ხარისხზე ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ არანაირი სტილი არ არსებობს.

ერთხელ იურგენ კლოპმა მოსწრებულად თქვა: მირჩევნია თამაში წავაგო და ვიცოდე მიზეზი რატომ წავაგე, ვიდრე მოვიგო და არ ვიცოდე  რატომ მოვიგეო. ზიდანი, ალბათ, პირიქით იტყოდა.