აშახტარებული ფიქრები

 

 

 

 

 

 

 

ისე, ძალიან დამწყდა გული ხოჭოლავა რომ არ იყო. კი, ვიცი, ტრავმა აწუხებდა და ყველაფერი, მაგრამ ამხელა რეალის დაწიოკებაში ერთხელაც რომ მიეღო მონაწილეობა, მაინც გემრიელიbf ამბავი იქნებოდა. ახლა, ვინმე მეტყვის დღევანდელი რეალი ამხელა აღარ არისო. რეალი რეალია. სერგია ერისთავის ამბისა არ იყოს, თეატრში ვიღაცამ შე კუზიანოო, რომ უთხრა. სერგიამ დახედა (ჩია კაცი ყოფილა) და უპასუხა — შენამდე ხომ სწორი ვარ და ზემოთ კუზი მაქვს თუ არა, რა შენი საქმეაო.

ასეა, რეალიც. რეალი რეალია, მაგრამ… იმ დღეს უცებ დავაფიქსირე, რომ მას კიევის დინამო, თბილისის დინამო ან ჯანდაბას, მოსკოვის სპარტაკი კი არა, დონეცკის შახტარი უგებდა. შახტარი ანუ შახტიორი.

ახალი თაობა ვერ მიხვდება, რა ვთქვი. მათთვის შახტარი, რომელსაც რეალის მოგება შეუძლია, მოცემულობაა და ალბათ სიტყვა შახტიორიც ყურში ხვდება. მე და ჩემი ტოლები კი ძლივს დავეჩვვიეთ ამ შახტარს. ეს გუნდი ჩვენთვის ათწლეულობით შახტიორი იყო. „გორნიაკი“, როგორც იტყოდნენ რუსი კომენტატორები.

 

Шахтёр (Донецк) - Динамо (Тбилиси) 2:1. Нажмите, чтобы посмотреть истинный размер рисунка

 

როგორი გუნდი იყო იცით? ცხადია, ყოველგვარი დოდოს, ტეტეს, მარლოშის, მორაეშის და ტაისონის გარეშე. საბჭოთა კავშირი იყო, რა ტეტე, რის ტეტე. უცხოეთშიც, ბოსმანი ჯერ სკოლაში დადიოდა და ამიტომ დღევანდელისგან ძალიან განსხვავებულ ევროპულ კლუბებს ორიოდ კაცის გარდა მარტო თავიანთი ფეხბურთელები ჰყავდათ.

ვიტალი სტარუხინი იყო შახტიორში, მელოტი, აღნაგი ცენტრფორვარდი. თავით კარგად თამაშობდა ცხონებული. აგარაკზე მომკვდარა. თურმე ფილტვების ანთებას არ მიხედა. მერე, ვიქტორ გრაჩოვი იყო, სწრაფი ძალიან. კარში იური დეგტიარიოვი იდგა, გადასარევი რეაქციის მქონე გოლკიპერი. იყვნენ პიანიხი, ვარნავსკი, ფედორენკო, როგოვსკი, კონდრატოვი, სოკოლოვსკი და სხვა ფეხბურთელები, რომელთა სახელები დღეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს, მაგრამ თავიანთი სტილი ჰქონდათ და… რეალს ვერ მოუგებდნენ.

ღმერთო, რა მოგონებები ამიშალა იმდღევანდელმა თამაშმა.

შახტიორი იყო გუნდი, რომელსაც აუცილებლად მოვუგებო, ვერ იტყოდი. ჯანზე იყვნენ და სათამაშო დისციპლინა იცოდნენ. დონეცკში ქულა კარგი საქმე იყო, თბილისში ვუგებდით. ნუ, მეტწილად. მაგრამ ბრძოლით.

თამაშობდა შახტიორი ძალისმიერ ფეხბურთს. ღონიერს. ბურთთან მთლად კარგად ვერ იყვნენ. შეიძლება ითქვას, ჩვენთან შედარებით მოსახარებში ფეხებს ვერ ღუნავდნენ, მაგრამ იმ თავიანთი ღონიერი გაჯგიმული ფეხებით, პრობლემებს ქმნიდნენ. თან, წინ, ხომ გითხარით, ხან სტარუხინი ჰყავდათ, ხან გრაჩოვი. ამ ორს ერთად მგონი არ უთამაშია. შეიძლება 1980-81 წლების სეზონში, არ ვიცი.

 

Шахтёр (Донецк) - Динамо (Тбилиси) 2:1

 

ეს ის შახტიორია, რომელმაც 1980 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში 2:1 მოგვიგო და… თასების მფლობელთა თასზე მაინც ჩვენ გავედით, რადგან სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციას უეფაში განაცხადი ადრე ჰქონდა შესავსები.  მოკლედ, მოსკოვში ამ თამაშს (9 აგვისტოს გაიმართა) აღარ დაელოდნენ და 1980-81 წლების თასების თასის მონაწილედ წინა გათამაშების გამარჯვებული თბილისის დინამო ჩაწერეს.

მერე რა მოხდა, კი იცით.

ჰო, მაშინდელი შახტიორის მწვრთნელი ვიქტორ ნოსოვი იყო. დამსახურებული კაცი.

მაგრამ, რეალს გამორიცხულია, ვერ მოუგებდა.

მერე კი შეხტიორი შახტარი გახდა, მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა იყიდა, ფული ჰაერში არ გადაყარა, იმუშავა, იწვალა (რუსული აგრესიის გამო ბევრიც დაკარგა) და…

ახლა „გორნიაკები“ მაგრები არიან, ჩვენი დინამო კი ფარერებში კლასვიკთან 1:6-ს აგებს.

Real Madrid left shellshocked by depleted Shakhtar in CL | Sports | China  Daily