პიკფორდი

ყოჩაღი სტარტის შემდეგ, ევერტონმა დაუკლო. ბოლო შვიდ მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს (ფულემთან 3:2)  და ცხრილის შუაში დაეშვნენ. პრემიერლიგის მე-11 ტურშიც, ბარნლისთან, კალვერტ-ლიუინის გოლის წყალობით გადაურჩნენ მარცხს.

ბარნლისთან მატჩში ერთ-ერთი ინტრიგა მეკარეების ამბავი გახლდათ. ჯორდან პიკფორდი და ნიკ პოუპი ხომ  ინგლისის ნაკრების პირველი კარის დარაჯობისთვის იბრძვიან.

პოუპს ბოლო დროს დიდი პროგრესი ჰქონდა, პიკფორდს კი პირიქით. ყველას გვახსოვს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელთა ნახევარფინალში გასვლაში პიკფორდს დიდი წვლილი მიუძღვოდა. მერვედფინალში კოლუმბიის წინააღმდეგ, ალბიონელებმა ბოლოსდაბოლოს გატეხეს  მატჩისშემდგომი პენალტების ისტორიული ნავსი, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პიკფორდმა კარლოს ბაკას თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მაშინ ჯორდანის პირველობა ეჭვს არ იწვევდა.

 

Everton evening headlines as Jordan Pickford linked with Chelsea and new  deal offer confirmed - Liverpool Echo

 

ევერტონში მისვლისას (2017 წლის ზაფხულში ) საწყისი სეზონი კარგად ჩაატარა. ბევრი რთული ბურთი მოიგერია, შესანიშნავად თამაშობდა ფეხით, რაც ინგლისში ბევრს არ შეუძლია. ამიტომ ხშირად პატიობდნენ ხოლმე შეცდომებს, რომლებსაც სულ უფრო ხშირად უშვებდა.

მერე აღმოჩნდა, რომ ის სწორად ვერ ირჩევს მართებულ პოზიციას. ქაოსურად იქცევა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის შეტევისას. ზომაზე მეტად ნერვიულობს. ამის მაგალითია ტრავმა, რომელიც მან ლივერპულის მცველ ვირჯილ ვან დეიკს მიაყენა და ფაქტობრივად სეზონის ბოლომდე დააკლო წითლებს. ძნელი წარმოსადგენია უფრი მშვიდ ალისონს ან ლორისს ასე დაეშავებინათ ნიდერლანდელი.

სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ პრემიერლიგის არცერთი მეკარე უშვებს ამდენ გოლს საჯარიმოს გარედან, რამდენსაც პიკფორდი. მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი ასეთი იყო. ბოლო, ბარნლისთან უკვე ნახსენებ შეხვედრაში. მაშინ რობერტ ბრეიდიმ მას მე-5 წუთზე გაუტანა.

როცა მეკარე შორიდან უშვებს ბურთებს, ზოგადად ეს ტრაგედია არ არის. ფეხბურთში არის დარტყმები, რომლებსაც აუღებლებს უწოდებენ. მაგარამ პიკფორდის შემთხვევაში ეს უფრო სისტემური პრობლემაა და არა ობიექტური. ბრიტანელი სპეციალისტები  აღნიშნავენ, რომ ევერტონის მეკარე ხშირად აგვიანებს ნახტომს, არასწორად ირჩევს პოზიციას, ამას მისი მეკარისთვის შედარებით დაბალ სიმაღლეც ემატება (185 სმ). პიკფორდი ძალიან მოძრავი და მოხტუნავეა, მაგრამ შორეული დარტყმებისას ეს მას ვერ შველის.

 

The Candidates to Replace Jordan Pickford for England - Ranked | 90min

 

ცალკე პუნქტია - შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ოქტომბრის ბოლოს სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ გამოაქვეყნა პრემიერლიგის ყველა მეკარის მონაცემები და პიკფორდს (11 შეცდომა) ამ მხრივ კონკურენტი არ აღმოაჩნდა.

თუმცა, ის, რომ ევერტონმა ბოლოს საკუთარი კარი „მშრალად“ პრემიერლიგაში 13 სექტემბერს შეინახა (ტოტენჰემთან 10), მხოლოდ პიკფორდის ბრალი არ არის. მცველებიც საკმაოდ ხშირად სცოდავენ.

კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი. პიკფორდმა შეიძლება შორიდან გაუშვას, მაგრამ იმავე მატჩში რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერიოს. წლეულს მარტში ის მანჩესტერის ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინმა გააკრიტიკა Sky Sports-ის ეთერში. მაშინ პიკფორდმა მანჩესტერთან შეხვედრაში (1:1) შორიდან გაუშვა ბრუნუ ფერნანდეშის დარტყმეული ბურთი, მერე კი ორი ისეთი „სეივი“ გამოაცხო, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

 

IAN LADYMAN: It is time for Jordan Pickford to keep calm and carry on |  Daily Mail Online

 

„კარგია, რომ ბოლოსკენ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. მაგრამ პრემიერლიგის სხვა მეკარეებიც ყოველ კვირას აკეთებენ იმავეს. გადარჩენა მათი სამუშაოა. პიკფორდი პირველ ტაიმში რომ არ შემცდარიყო, ევერტონი მოიგებდა. ყაიმისთვის მეკარეს ვერ შევაქებ. კარგი მეკარე გუნდის გამარჯვებას უზრუნველყოფს. პიკფორდის სტატისტიკის ნახვა არაფერში მჭირდება. უბრალოდ ვიცი, რომ ცუდი მეკარეა,“ - დასძინა კინმა.

ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი, გარეთ საუთგეიტი მართლაც საგონებელშია. პიკფორდისადმი ნდობა მის რეფლექსებზე, ფეხით კარგ თამაშზეა დამყარებული, მაგრამ როცა მეკარე ყოველი მესამე დარტყმის შემდეგ უშვებს გოლს, ეგებ ალტერნატივის ძებნა უპრიანიც იყოს.

 

ზაალ მუჯირი 08 დეკემბერი 2020 -12:24