კარგი კაცი

 

 

 

 

 

 

 

ორიოდ დღის წინ ლეგენდარულმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა ისევ დაიკავა ჩელსის კარში ადგილი...კი მაგრამ, ეს როგორ, მან ხომ წელიწადნახევრის წინ დაასრულა სათამაშო კარიერა და ბოლო დროს კლუბის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა?

საქმე ის არის, რომ მიმდინარე სეზონის წინ ჩეხი ისევ შეიყვანეს ჩელსის საპრემიერლიგო განაცხადში. ოღონდ, არ ზის სათადარიგოთა სკამზე, არ იღებს ხელფასს. უბრალოდ „გაჭირვების ტალკვესია,“ თუ მკაცრი სეზონის განმავლობაში ტრავმიანობა ან კოვიდი ყველა სხვა მეკარეს „იმსხვერპლებს,“ მაშინ საქმეში 38 წლის ჩეხი ჩაერევა.

 

Petr Cech's blushes spared on Chelsea return as brilliant comeback downs  Tottenham despite Drinkwater red | Evening Standard

 

„ასი პროცენტით მზად ვარ სათამაშოდ, თუ საჭირო გახდა. ორი თვე ვივარჯიშე და კარგ ფორმაში ჩავდექი. წელიწადზე მეტია ფეხბურთი აღარ მეთამაშა. დავისვენე კიდეც. 20 წლიანი კარიერის შემდეგ გადაღლილი სხეული აღდგა და ფიზიკურადაც ჩინებულად ვგრძნობ თავს.“ - უთხრა ჩეხმა ჟურნალისტებს.

თუმცა პრემიერლიგაში დაბრუნება მისთვის ჯერ ნაადრევია. იმ დღეს ჩელსის ახალგაზდულ გუნდში ითამაშა ტოტენჰემის წინააღმდეგ. ორი გოლი გაუშვა, თუმცა ჩელსის ჭაბუკებმა ის თამაში მაინც 3:2 მოიგეს.

ჩეხი მართლაც გამორჩეული ფიგურაა არისტოკრატებისთვის. კარიერის დასრულების შემდეგ მას კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ჩააბარეს. მარინა გრანოვსკაიამ, რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელმა, ჩელსის დირექტორმა, რომელსაც რკინის ლედის ეძახიან თავისი უსაზღვრო გავლენის გამო, მაშინ იშვიათი ინტერვიუ მისცა მედიას და ჩეხი ქებით ცაში აიყვანა.

ანუ, პეტრი არა უბრალოდ კლუბის  სიმბოლოა, რომელსაც თანამდებობა მისცეს და ხელფასს უხდიან, არამედ სასარგებლო თანამშრომელია. იმ მექანიზმის ნაწილია, რომელიც ახალ გუნდს აყალიბებს. დიდწილად აგვარებს ტრანსფერების საქმეებსაც.

 

Frank Lampard: My Cech mate means Chelsea's strength not restricted to the  pitch | FourFourTwo

 

ფორმალურად ნებისმიერი ტრანსფერი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: მოთამაშის შესწავლა, მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდთან შეთანხმება და მოლაპარაკებები.

ჩეხის სარგებლიანობას და აქტიურობას სეზონის წინ განხორციელებული სამი მნიშვნელოვანი ტრანსფერიც ადასტურებს - ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი და ედუარ მენდი ლონდონურ კლუბში ლეგენდარული მეკარის მეცადინეობით მოხვდნენ.

ვერნერი: ჩეხი და ლამპადი ჯერ კიდევ თებერვალში იმყოფებოდნენ ლაიპციგში, სადაც რამდენჯერმე შეხვდნენ ვერნერს, მის მამას და აგენტს. ჩეხმა გერმანულიც იცის და მომლაპარაკებლის გარდა, მთარგმნელის როლსაც ითავსებდა. როცა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, საქმეში გრანოვსკაია ჩაერთო და  კიდევ ერთხელ შეაქო ჩეხი.

ზიეჩი: მსგავსი სიტუაცია. ჩეხი და ლამპარდი რამდენჯერმე ჩაფრინდნენ ამსტერდამში ზიეშთან შესახვედრად. ერთხელ, ჩეხმა მოლაპარაკებები მარტომ გამართა, მერე მაროკოშიც ჩავიდა, სადაც ზიეშის აგენტს შეხვდა და მისთვის გადასახდელი თანხის ამბავიც მოაგვარა.

გრანოვსკაიას მხოლოდ კლუბთან მოუწია საუბარი.

მენდი: მეკარის პრობლემა კარგა ხანს აწუხებდა ლამპარდს. მთავარი მწვრთნელის მითითებით კანდიდატურის ძებნა ჩეხმა ითავა და ბოლოს მენდი შეარჩია, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა ფრანგულ რენში. ჩეხი ჩაფრიდა საფრანგეთში და ედუარი თავად დაარწმუნა ნისლიან ალბიონზე გადაბარგებულიყო.

 

Petr Cech hails Marina Granovskaia for sealing Timo Werner and Hakim Ziyech  Chelsea transfers - football.london

 

„ჩეხი ნამდვილი პროფესიონალია. ყოველ დილით გაღიმებული გესალმებათ და დილა მშვიდობისას გისურვებთ. ძალიან პოზიტიური ადამიანია, ყველას მალევე განაწყობს თავის მიმართ სიმპათიით. თავაზიანი და გონიერია. ჩელსის გაუმართალა, რომ ასეთი თანამშრომელი ჰყავს.“ - ეს გრანოვსკაიას სიტყვებია.

ასეთია ჩეხი. თავაზიანი და ხალისიანი. უყვარს დრამზე დაკვრაც და ჰოკეის მეკარეობაც. თავად იხსენებს, რომ მხოლოდ აღჭურვილობის სიძვირის გამო ვერ გახდა ჰოკეის პროფესიონალი მეკარე. ფეხბურთი უფრო იაფი გართობა იყო და მშობლებმაც ფეხბურთზე შეიყვანეს...