არ არის ეს დომხალი?

 

 

 

 

 

 

 

სრულიად გეთანხმებით, რომ ის სიმბოლური ნაკრები, რომელიც საქვეყნოდ ცნობილმა და პატივცემულმა ფრანს ფუტბოლმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურია. თუმცა, მანდ ერთი მომენტია: სანამ რამეს იტყოდნენ, ფრანგებმა ინტერნეტით ჯერ გულშემატკივრები გამოკითხეს, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში შერჩეულ 140 ჟურნალისტს შეადგენინეს „დრიმ თიმის“ საბოლოო ვარიანტი. მოკლედ, ის გუნდი, რომელმაც საქართველოში ასე „გაგვაბრაზა“ (ნეტავ სხვა პრობლემები არ გვქონდეს), ამ, ორსაფეხურიანი გამოკითხვის შედეგი გახლავთ.

ერთი სიტყვით, ქულები რომ დააჯამეს, რაც დაჯდა, ის დაჯდა და ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შეიკრიბნენ ოფისის ყველაზე დიდ ოთახში თავად ფრანს ფუტბოლის თანამშრომლები და ჩამოწერეს ოქროს ბურთის სიმბოლური ნაკრები (ასე ჰქვია, Ballon d'Or Dream Team) რომელშიც არც რაიმონ კოპა შეიყვანეს, არც ჟან პიერ პაპენი, არც ზინედინ ზიდანი და მითუმეტეს, არც სამგზის ლაურეატი მიშელ პლატინი —რატომღაც თავი დაიჩაგრეს, მოდი ფრანგები არ შევიყვანოთო. არა, რასაკვირველია, ასე არ ყოფილა.

აქვე, ზოგს მოგახსენებთ, ზოგს კი შეგახსენებთ, რომ მთავარ სიმბოლურ ნაკრებს, მეორე და მესამე თერთმეტეულებიც მოაყოლეს. მოდი, სამივე ჩამოვწეროთ:

 

La Une exceptionnelle de France Football.

 

პირველი ნაკრები: ლევ იაშინი — მარკოს კაფუ, ფრანც ბეკენბაუერი, პაოლო მალდინი — ჩავი ერნანდსი, ლოთარ მათეუსი, დიეგო მარადონა, პელე — ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო.

მეორე ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი — კარლოს ალბერტო, ფრანკო ბარეზი, რობერტო კარლოსი, — ანდრეა პირლო, ფრენკ რაიკარდი, ალფრედო დი სტეფანო, ზინედინ ზიდანი — რონალდინიო, გარინჩა, იოჰან კრუიფი.

მესამე ნაკრები: მანუელ ნოიერი — ფილიპ ლამი, სერხიო რამოსი, პაულ ბრაიტნერი — იოჰან ნეესკენსი, დიდი, მიშელ პლატინი, ანდრეს ინიესტა — ჯორჯ ბესტი, ტიერი ანრი, მარკო ვან ბასტენი.

რასაკვირველია, ხვდებით, რომ სახელწოდების მიუხედავად (Ballon d'Or Dream Team) ხმები მარტო ოქროს ბურთის მფლობელებისთვის არ მიუციათ. მაგალითად, გაფართოებულ სიაში შეყვანილი იყო ედვინ ვან დერ სარიც, რომლის საუკეთესო პოზიცია ოქროს ბურთის გამოკითხვაში გახლდათ 24-ე, 2008 წელს. იყო ბევრი ისეთი ფეხბურთელიც, რომელთა დროსაც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვა ან საერთოდ არ ტარდებოდა ან მხოლოდ ევროპელ მოთამაშეებს ადარებდნენ ერთმანეთს.

პელე სხვაა. პელეს შესახებ ფრანს ფუტბოლმა თავის 30 ლაურეატს ჰკითხა, და თვითონ ლაურეატებმა (ერთხმად არა, მაგრამ დიდი უპირატესობით) დაასახელეს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად“. მანამდე კი, 1989 წელს, ალფრედო დი სტეფანოს გადასცეს ოქროს ბურთი როგორც დამსახურებულ კაცს. 2013-ში პელე და მარადონა აღიარეს ჯილდოს ღირსებად, ხოლო  2016 წელს, აბა, ვისაც ადრე ეკუთვნოდა და ვერ მიიღო ყველას გაუმარჯოსო და ოქროს ბურთები ჩამოურიგეს გარდაცვლილ გარინჩასა და ცოცხლებს — მარიო კემპესს და რომარიოს.

მოკლედ, დომხალია. და, ჩემი მოკრძალებული აზრით, დომხალი გამოვიდა ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაშიც. რატომ? როგორც ჩანს, ყველას უნდოდა მთავარ „დრიმ თიმში“ მოეხვედრებინა პელე, მარადონა, მესი და რონალდუ, გუნდი კი მხოლოდ 11 კაცისგან შედგება და გამოვიდა, რომ იქ ძალიან ბევრი დიადისთვის ადგილი აღარ დარჩა. ხომ ხედავთ, პელე ნახევარდაცვაში დაწიეს...

მაგრამ, ლოთარ მათეუსის და ჩავის ამბავი მთლად კარგად მაინც ვერ გავიგე. ანუ, კრუიფი, ზიდანი და პლატინი არა და ეს ორი - კი? ორივეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ვითომ იმავე ჩავის და ინიესტას შორის ამხელა განსხვავება იყო, რომ ერთი პირველ გუნდში მოხვდა და მეორე - მესამეში? და ზიდანი მათ შორისაა? პლატინი კი ინიესტასთან მესამეში?

 

Les onze meilleurs de l'histoire selon France Football - Marseille News .net

 

ლევ ივანიჩ, თქვენ კიდევ, ღმერთმა გაცხონოთ, მაგრამ, ვითომ, ბუფონზე დიდი მეკარე იყავით? გარდა უზარმაზარი ღვაწლისა და უდიდესი ოსტატობისა, ბუფონი მთელი მსოფლიოს ჩემპიონია. თქვენ არ ყოფილხართ.

მოკლედ, დავიბენი და მგონია, რომ თანდათანობით, ყველა დროის საუკეთესოების დასახელება უფრო და უფრო გაძნელდება. ფეხბურთის მოგონებიდან უკვე ძალიან ბევრი და ძალიან სხვადასხვანაირი ეპოქა გავიდა.