ექვსი ქართველი რუსეთის კლუბების ნაკრებში

საქართველოს ნაკრების მეტოქემ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის ეროვნულმა გუნდმა მომავალი მატჩისთვის, რომელიც თბილისში 7 თებერვალს გაიმართება, მზადება დაიწყო. რუსთა უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლი ჯონსმა გუნდის ექსპერიმენტულ შემადგენლობას უხმო და რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა კლუბების ნაკრებმა 28:18 მოიგო.

 

აღსანიშნავია, რომ კლუბების ნაკრებში ექვსმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ესენია: გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, ნიკა ცირეკიძე, რევაზ ბროძელი და ამირან ჩიტეიშვილი. რუსეთის ნაკრების სათადარიგოთა შორის კი, პირველხაზელი ნიკოლოზ კაზალიკაშვილი იყო.

 

კლუბების ნაკრებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანა. აქედან ორი ქართველების, გიორგი ჭყოიძისა და ტარიელ დონაძის ანგარიშზეა.