დროზე, სანამ გაბრაზებულან

 

 

 

 

 

 

 

რაღაცნაირი საკითხია, ვერ გადავწყვიტე. პასუხი ვერ მოვიფიქრე. არ ვიცი და მორჩა.

თემა: ქართული ფეხბურთი. უფრო ვიწროდ: საქართველოს ნაკრების მომავალი.

დიდი ბოდიში და მთელი დანარჩენი მსოფლიო… არ მადარდებს. აი, ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ ხალხს, ვისაც ამოჩემებული უცხოური გუნდი თავისი ჰგონია. ადრეც მომიყოლია: ჯერ კიდევ დინოზავრების დროს, უემბლიზე, პრესლოჟაში ვიჯექი. გვერდით ვიღაც ინგლისში მომუშავე იტალიელ სოლიდურ ბიძას ლეპ-ტოპი ჰქონდა გაშლილი. მაშინ, იტალიას და „იუვეს“ ვქომაგობდი. ჰოდა, ერთმანეთს რომ გამოველაპარაკეთ (მგონი რომელიღაც ქართველი ფეხბურთელის გვარი მკითხა, როგორ გამოითქმისო ან შეიძლება არც იყო ასე) მომენტი ვიხელთე და ვუთხარი, მე თქვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მეთქი. არ დამავიწყდება მისი გამოხედვა — „აი, შენ ვისღა დაკარგვიხარ“; მხრების აჩეჩვა და ყალბი ზრდილობით ნაპასუხები: მაშინ, მე საქართველოს ვგულშემატკივრობ.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ერთი ან მეტი ადამიანი და ღია ცის ქვეშ

 

მაშინ მივხვდი, რომ ჯერ იმ ბიძის და მერე მთელი მსოფლიოს დედაც ვატირე.

ხოლო კითხვა, რომელზეც, როგორც დღევანდელი ბლოგის პირველ წინადადებაში გითხარით პასუხი არ მაქვს, ასეთია: მიზნად რა უნდა დავისახოთ?

ორი მიდგომა არსებობს: პირველის თანახმად, პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, ქინქლაძის და სხვათა ქვეყანამ მიზნად მხოლოდ დიდი წარმატება უნდა დაისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ წარსულს, ისტორიას, ნიჭს და იმას, ვინც ეს ნიჭი მოგვამადლა, შეურაცხყოფას მივაყენებთ.

მეორის თანახმად კი ბოლო ათწლეულების ჩაფლავებათა გათვალისწინებით, მხოლოდ რეალისტური მიზნები უნდა დავისახოთ და… არსად გასვლაზე არ უნდა გავიქაჩოთ. ასე ვთქვათ, ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ და იმ ადგილის ფარგლებში ვიფართხალოთ. პოზიციის ერთი ნაბიჯით გაუმჯობესება, უკვე საქმე იქნება.  

ახლა არ იყო? როგორც კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვინდომეთ, იმწუთას გავწბილდით. რატომ? ვითომ, მიზანი არ იყო სწორად დასახული? ჩრდილოეთ მაკედონიამდე მისვლა საკუთარი თავისთვის უკვე დიდ წარმატებად უნდა ჩაგვეთვალა?

ისე, მართლა რა უბედურება იყო, ბელარუსთან ნახევარფინალურ შეხვედრას „საუკუნის მატჩი“ ვეძახეთ… ჯერ ნახევარფინალი როგორ შეიძლება „საუკუნის მატჩი“ იყოს; მერე, საუკუნის მეოცე წელიწადს როგორ შეიძლება ასწლეულის მთავარი მატჩი ითამაშო — გამოდის, რომ შემდეგი 80 წლის განმავლობაში აღარაფერს აპირებ და მესამე, ბოდიში მაგრამ „საუკუნის მატჩი“ ბელარუსთან? მაშინ, როდესაც საქართველო ხარ?!

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი

 

თუმცა, მგონი წრეზე წავედით და ისევ იქ მივედით: პირველი მიდგომის მიმდევარი ხარ, თუ მეორის. თუ ამბობ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც „ლივერპულს“ 3:0 მოუგო მაშინ, როდესაც ეს უდიდესი გუნდი ცოტა ხნის წინანდელი „რეალისა“ და „ბარსელონასი“ არ იყოს ჩემპიონთა თასს თითქმის ყოველ წელიწადს იგებდა (1977, 1978, 1981, 1984) ერთი ამბიცია გექნება და თუ ამბობ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ჯგუფში, სადაც სომხეთი პირველზე გავიდა, მესამეზე ვრჩებით და მხოლოდ ესტონეთს ვუსწრებთ, რომელმაც პირდაპირ რომ ვთქვათ ფეხბურთის თამაში არ იცის — მეორე.

და ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ. მეც ხომ მაქვს თვალები. თამაშებსაც ვუყურე და ერთა ლიგის საბოლოო ცხრილშიც ჩავიხედე. კარგად ვიცი, სადაც ვართ.

მაგრამ, ერთი ფაქტია, მას, ვინც ჩვენ ფეხბურთის თამაშის ნიჭი დაგვაბერტყა და ვისაც არ ეღალატება, არ მივუტოვებივართ. ფაქტი გინდათ? ინებეთ: გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ბავშვებს თუ გადავხედავთ, კიდევ ბევრი სხვა. ანუ, საფეხბურთო ზეცა თავის მადლიან საქმეს მუხლჩაუხრელად განაგრძობს, ოღონდ აი, ჩვენ… ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვიყენებთ „იქაურ პროდუქციას“ ეს უკვე სხვა თემაა და თან ძალიან სახიფათო, რადგან იქ, სადაც ჯერ არს, გაბრაზებაც სუსხიანი იციან.