ლებრონი თუ კავაი?

NBA. სეზონის წინ. დასავლეთის კონფერენცია

ჩრდილოდასავლეთის დივიზიონი

ფლეი ოფში შევლენ: დენვერი, იუტა, პორტლენდი.

 

სამი მშვენიერი და ორი აზრზე მოსასვლელი გუნდი. იუტამ გარისკა. რუდი გობერი სტაბილური ცენტრია, მაგრამ რუდი გობერი არ ღირს 208 მილიონი დოლარი. გუნდმა ფრანგს მომავალი აჩუქა და ეს უკვე რისკია. გობერი რჩება იდეალურ დამცველად, მაგრამ რამდენად გაქაჩავს ეს იუტას ფლეი ოფში? დონოვან მიტჩელთან ერთად, რუდი კარგ ტანდემს კრავს და ჯაზი ალბათ, ერთ წრეს გაივლის.

დენვერმა აწყენინა კლიპერსს, აწყენინა კალათბურთის ბევრ გულშემატკივარს, როდესაც შარშან კალიფორნიას საფლეიოფო ლეიკერსი-კლიპერსი წაართვა. და, დენვერი მხოლოდ მოუმატებს. ამის მიზეზი არ იქნება ფაკუნდო კამპაცო. ბევრს გააკეთებს ჯერამი გრანტი. დაბრუნდა უილ ბარტონი და დანარჩენები ხომ ისედაც ასრულებდნენ. მაიკ მელოუნს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მაიკ მელოუნს MVP-ს კანდიდატი ჰყავს და მე არ ვსაუბრობ ნიკოლა იოკიჩზე. ეს ჯამალ მარის სეზონი იქნება.

 

წყნარი ოკეანის დივიზიონი

ფლეი ოფში შევლენ: ლეიკერსი, კლიპერსი, გოლდენ სტეიტი, ფინიქსი.

 

გასავარდნ ეტაპზე ყველაზე მეტი გუნდი ამ დივიზიონიდან შევა. აქ არის ჩემპიონი, რომელიც უკეთესი გახდა. აქ არის კლიპერსი, რომელმაც გადატვირთა შემადგენლობა (ლიუკ კენარის და სერჟ იბაკას მისვლა სწორი სვლები იყო) და ძალიან ბევრ თამაშს მოიგებს. რეგულარულში და ალბათ, შემდეგ დონეზეც. აქ არის გოლდენ სტეიტი, რომელმაც დროულად უნდა დაიბრუნოს დრეიმონდ გრინი და გუნდი ბევრს შექმნის.

და, აქ არის ფინიქსი, რომელმაც დაირტყა პროფესორი. უტიტულო პროფესორი. მისტერ კრის პოლი.

კრისი მებრძოლი ნაბიჭვარია. ის თავს არ დახრის. კრისმა გარდაქმნა უვარსკვლავო ოკლაჰომა და აქ მეტს მოასწრებს. დეანდრე აიტონი ერთ-ერთი გაუმჯობესებული მოთამაშე იქნება. დევინ ბუკერი ბევრს ჩაყრის, მაგრამ ბიჭმა უბურთოდ თამაში უნდა დაამუღამოს, რადგან ეს ბურთი უფრო კრისს ექნება. და, ფინიქსი იფრენს.

 

სამხრეთდასავლეთის დივიზიონი

ფლეი ოფში შევლენ: დალასი.

 

ბევრი გუნდი საფლეიოფიო წარსულით და წელს, იქ, ფლეი ოფში მხოლოდ დალასი უნდა შევიდეს. სან ანტონიოს ძალიან კარგი ბავშვები და მოტივირებული (საკონტრაქტო სეზონი) დემარ დეროუზენი ჰყავს. ჰიუსტონს უძლიერესი, მაგრამ უმოტივაციო ჯეიმს ჰარდენი დარჩა. ნიუ ორლეანმა დაგეშა ზაიონი და მისტერ ინგრემი, მაგრამ საფლეიოფოდ ეს საკმარისი არ იქნება. და, გუნდს არ ჰყავს ლიდერი.

დალასს დავუბრუნდეთ. სწრაფი, მოქნილი, დაუნდობელი გუნდი უმაგრესი ლიდერით და ეს ლიდერი MVP-ზე იჩალიჩებს. ლუკა დონჩიჩი სრულყოფილი მხეცია. ერთადერთი პრობლემა - კრისტაფს პორჟინგისი. გუნდს ლატვიელის გარეშე თამაშიც გაუჭირდება და - მასთან ერთადაც. დალასი იქნება მონდომებული და, დალასი იომებს, რომ დაბრუნდეს გრანდებში. როგორც ეს დირკ ნოვიცკის დროს იყო. წამოიღებს.