ძაღლისა და პატრონის ამბავი

 

 

 

 

 

 

 

ბოლოს უნაი ემერი ყურადღების ცენტრში არსენალში მუშაობისას მოექცა. მეთოფეთა ბანაკში ბასკმა სპეციალისტმა თავი ვერ გაართვა ვერც შემადგენლობის, ვერც ტაქტიკური სქემისა და ვერც მოთამაშეებთან ურთიერთობის დალაგებას. ზედიზედ შვიდი მოუგებელი მატჩის შემდეგ, ლონდონიდან წავიდა.

მერე აღმოჩნდა, რომ არსენალის ჩავარდნა მხოლოდ უნაის ბრალი არ ყოფილა. მისულმა მიკელ არტეტამაც ვერაფერი მოახერხა და გუნდი ლამის პრემიერლიგიდან გავარდნის პირასაა. აქ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაზეც უკვე ვწერდით.

მას შემდეგ 13 თვე გავიდა. მათგან რვა ემერიმ უმუშევრად გაატარა, სამაგიეროდ შემდგომი ხუთი აქტიურად ირჯება და შედეგიც სახეზეა - მისი ვილიარეალი ესპანური პრიმერას ცხრილში მეოთხე ადგილზე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

 

Unai Emery Manager Profile | Premier League

 

გასულ სეზონში ხავი კალიეხას ხელმძღვანელობით ვილიარეალმა პრიმერაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. წინა წელს კი მანვე გუნდი ელიტიდან გავარდნას გადაარჩინა.

„ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ცუდ ფეხბურთსაც არ უჩვენებდა: ბურთსაც აკონტროლებდა, ოსტატურად კონტრუტევდა, სანტი კასორლა ხომ შეუჩერებელი იყო. მაგრამ კლუბის მფლობელმა, ფერნანდო როიგმა, გადაწყვიტა კალიეხას დამშვიდობებოდა და ემერი მიეყვანა.

თავიდან ეს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს ვერც გულშემატკივრებმა და ვერც ფეხბურთელებმა. უფრო სწორად ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. ამის შედეგი იყო, რომ კასორლა ფაქტობრივად პენსიაზე გავიდა და ყატარში გადაბარგდა საბურთაოდ.

ატმოსფეროს შესაცვლელად, შთაბეჭდილების მოსახდენად, ძლიერი სტარტი იყო საჭირო. მაგრამ ეს ხომ ემერის სტილი არ არის. ის ტაქტიკაზეა შეშლილი და ემოციური წიაღსვლები მისთვის უცხოა. კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ, კონკრეტული განლაგებით თამაშობს. ზუსტად ასე დაიწყო ვილიარეალმა სეზონი - სტაბილურად, მაგრამ უმარილოდ. თუმცა ბარსელონასთან განადგურების შემდეგ, ქულები რეალსაც აართვეს და ატლეტიკოსაც.

მოკლედ, გუნდინ ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ემერი. ხომ გაგიგიათ, ძაღლი ბოლო-ბოლო პატრონს ემსგავსებაო. ასეა ვილიარეალიც. ემერის გუნდი თანმიმდევრულია, რაც საკმარისია, რომ კარგი იყო, მაგრამ არა საუკეთესო. ბურთის ფლობა, პასის სიზუსტე, გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი, ყველაფერი თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ არც საუკეთესოა. თუმცა საშუალოს სჯობს.

უკეთაა საქმე ევროპა ლიაგზე. იქ ემერიმ ჯგუფი მოიგო ისე, რომ მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენი ყველა მატჩი მოიგო. მეორე ადგილზე გასულ თელ ავივის მაკაბის ხუთი ქულით გაუსწრო და  მეთექვსმეტედფინალში, თებერვალში ავსტრიულ ზალცბურგს შეხვდება.

 

Steel meets style for new Arsenal manager Unai Emery | Sport | The Sunday  Times

 

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: არ შეიძლება პატივისცემას არ იმსახურებდეს ზედიზედ 19 წაუგებელი მატჩი ყველა ტურნირში. სექტემბერში ბარსელონასთან განადგურება ბოლო შეხვედრა გახლდათ, რომელშიც ემერის ქულა არ აუღია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ 19 მატჩიდან მხოლოდ ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონატში.

დიახ, ზემოთ ხომ ვთქვით, რომ ფერადი წარმოდგენები ემერის სტილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური ხათაბალა, რომელსაც ბასკი არსენალში ვერაფრით ალაგებდა (მათ შორის ენობრივი ბარიერიც ჰქონდა. ყველას ახსოვს მისი ყბადაღებული  „გუდ იბენინგ!“) დამთავრდა.

ახლა ის ისევ თავის ტყავშია. მოქნილი გუნდი ჰყავს, რომელიც შეიძლება ყველაფერს საუკეთესოდ ვერ აკეთებს, მაგრამ საშუალოზე ცოტა მაღლა ყოფნა ყველაზე კარგად გამოსდის. ტიპური ემერია. ტყუილად არ გვიხსენებია ძაღლისა და პატრონის ამბავი.